თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში გათვალისწინებულია ყველა ის რაციონალური წინადადება და მოსაზრება, რაც ბიუჯეტის პირველადი განხილვის შემდეგ დედაქალაქის საკრებულოდან მოგვაწოდეს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს საკრებულოში განუცხადა.
დავით ნარმანიას თქმით, უმთავრესი პრიორიტეტები კვლავ რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საბავშვო ბაღებზე ზრუნვა, გამწვანება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება და ქალაქის ისტორიულ თუ კულტურულ ნაწილში წესების გათვალისწინებით სარეაბილიტაციო სამუშაოები.
„ყველა ის პროექტი და პროგრამა, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია თანამოქალაქეებისათვის, ასახულია და გათვალისწინებულია ბიუჯეტის პროექტში“, - განაცხადა ნარმანიამ.
1 302 000 ლარის მოცულობის თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს დეპუტატები საკრებულოს სხდომაზე 16:00 საათზე განიხილავენ.