თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, რომელიც 2017 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. თბილისის ბიუჯეტის პროექტის წარსადგენად საკრებულოში უკვე რამდენიმე საათია იმყოფება დედაქალაქის მერი დავით ნარმანია. საკრებულოში ასევე იმყოფებიან ქალაქის მთავრობის წევრები.
2017 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 801 302 000 ლარს შეადგენს. დედაქალაქის მერის მიერ ბიუჯეტის წარდგენის შემდეგ საკრებულოში კამათი გაიმართება და დეპუტატები თავიანთ აზრს გამოთქვამენ.
დავით ნარმანიას თქმით, ბიუჯეტის პროექტი მაქსიმალურად დახვეწილი და სრულყოფილი დოკუმენტია, რომელიც მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით განისაზღვრა. მან დაასახელა ოთხი მთავარი პრიორიტეტი, ეს არის მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, გამწვანება, საქალაქო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და საბავშვო ბაღები.
მერის განცხადებით, საბიუჯეტო ხარჯები 2017 წელს 22 300 000 ლარით შემცირდება, კერძოდ საპრემიო და სახელფასო ფონდი არსებულთან შედარებით 13%-ით მცირდება, რაც 13,1 მილიონი ლარია.