ზურიკელას უხაროდა, რომ შეყვარებული ჰყავდა, თქვენ კი სკამის სიყვარული გიხარიათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა , სადაც 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების საკითხზე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს.
გოცირიძის განცხადებით, მთავრობა არ ითვალისწინებს ოპოზიციის რეკომენდაციებს და არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს.
დეპუტატმა ეროვნულ ბანკიც გააკრიტიკა და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, ლარის გაუფასურებაში ისიც დაადანაშაულა.
”მე, ბებია, ილიკო და ილარიონში” ზურიკელა ამბობს: ღამე იყო ქარიანი, ყინვიანი და მიხარია, მიხარიაო”. ეუბნებიან: ქვეყანა ინგრევა, რა გიხარია შენ აბდალოო”. ზუსტად ასეა დღეს - ლარი გაუფასურდა, ბიუჯეტი დეფიციტურია, ფასები იზრდება, ინვესტიცია მცირდება, ხალხი გაღარიბდა, მთავრობა კი გამოდიხართ და ამბობთ, რომ ყველაფერი იდეალურად არის. ზურიკელას უხაროდა, რომ შეყვარებული ჰყავდა, თქვენ კი სკამის სიყვარული გიხარიათ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ქაღალდის მეოთხედ ნაგლეჯზე დაწერილი ფულადსაკრედიტო პოლიტიკა. მე ვერ გავიგე, რა წერია ამ დოკუმენტში. შესავალი არის ზღაპარივით და ბოლოს უნდა ამოვიკითხოთ, რა უნდა ეროვნულ ბანკს. თქვენ რა გინდათ დღეს აქ?! დღეს აქ უნდა იყოთ 2017 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, ჩვენ კი 2016 წლის ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებს ვიხილავთ. სიმბოლური დამთხვევაა: ორი დამნაშავე ერთი საათის ინტერვალში გამოხვედით - ერთი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც არის დამნაშავე ლარის გაუფასურებაში და მეორე, ფინანსთა სამინისტრო, რომელიც ასევე არის დამნაშავე ლარის გაუფასურებაში.
თქვენმა ფისკალურმა პოლიტიკამ, ეროვნული ბანკის მონეტარულმა პოლიტიკამ, დედოლარიზაციის აბსურდული თემა შემოაგდო. სავალუტო ფონდში მაინც არ იყოს ნამუშავარი, მაგრამ ის მუშაობდა ნოღაიდელის მოადგილედ, როდესაც კორუფციულ სქემებში, სახაზინო ვალდებულებების პროცენტი იყო 170 პროცენტი. გვენეტაძე სავალუტო ფონდის გამოცდილებით კი არ საუბრობს, არამედ ნოღაიდელის მოადგილეობის გამოცდილებით ლაპარაკობს. როგორც კი ეროვნულმა ბანკმა გამოაცხადა, რომ არბილებდა ფულადსაკრედიტო პოლიტიკას, ვინაიდან ქვეყანაში არის დაბალი ინფლაცია, მან ფაქტობრივად საფუძველი ჩაუდო იმ საშინელ ვითარებას, რაც ლარს ემართება. შეიცვალა ყველა ნორმატივი. პირველივე ინტერვიუ ”ინტერპრესნიუსს” მივეცი და გავაფრთხილე მთავრობა, ნუ ცვლით ეროვნული ბანკების უცხოური რეზერვების ნორმას, ნუ უყინავთ ბანკებს 20%-მდე დოლარს - არ გააკეთეს. გავაფრთხილე, ნუ ცვლით რეფინანსირების განაკვეთს, ისინი ამბობდნენ - არა, 8,5 -დან უნდა ჩამოვიდეთ ნელ-ნელა იმიტომ, რომ ფული უნდა გავუშვათ ბევრი, რომ თურმე ეკონომიკას უნდა მისცენ სტიმული. ვინ ეკითხება ეროვულ ბანკს ეკონომიკის სტიმული, მისი ამოცანაა ფასების კონტროლი, ეკონომიკას მიხედავს ფინანსთა სამინისტრო.
ზაფხულში რეფინანსირების სესხები 250 მლნ ლარს შეადგენდა, არ იღებდა კომერციული ბანკები სესხს იმიტომ, რომ 8,5 პროცენტი იყო ძვირი, გუშინ კი ეროვნულმა ბანკმა გაასესხა 1 350 მილიონი ლარი კომერციულ ბანკებზე. ეს ფაქტობრივად ფულადი ინტერვენციაა - კიდევ უფრო შეარბილა ფულადსაკრედიტო პოლიტიკა,” - განაცხადა რომან გოცირიძემ.