დავით ნარმანიამ საკრებულოს ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს 2012-2013 წლებში მიღებული ხელფასები და პრემიები შეახსენა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს 2012-2013 წლებში მიღებული ხელფასები და პრემიები შეახსენა. დავით ნარმანიამ საკრებულოს სხდომაზე წარმოადგინა ციფრები საპრემიო და სახელფასო თანხების შესახებ, რომელიც ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა 2012-2013 წლებში მიიღეს.

დავით ნარმანიას თქმით, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა - თბილისის” წევრ ირაკლი ნადირაძეს 2013 წელს, სხვადასხვა თვეებში ხელფასის სახით აღებული აქვს 9 ათასი ლარი და 12 ათასი ლარი საპრემიო თანხა.

მერის განცხადებით, თემურ გრიგალაშვილს 2013 წელს, სხვადასხვა თვეებში 43 ათასი ლარი აქვს აღებული. დავით ნარმანიამ მიმართა ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ მარიკა დათუკიშვილს, რომ მას 2013 წლის დეკემბერში პრემიის სახით 7200 ლარი აქვს აღებული და მთლიანობაში, 2013 წელს 22 ათასი ლარი პრემიის სახით.

”მმართველობას რომ გვიწუნებთ, რა დამსახურებისთვის აიღეთ ეს თანხები?! რა გააკეთეთ, გარდა ჩვენი მთავრობის საბოტაჟისა?! ნუთუ არ გრცხვენიათ?!”, - მიმართა დავით ნარმანიამ მარიკა დათუკიშვილს, რომელიც დედაქალაქის მთავრობის მიმართ სხდომაზე კრიტიკით გამოვიდა.

”თუ ვინმე სამარცხვინოა, აგერ ხართ თქვენ”, - რეპლიკით უპასუხა დავით ნარმანიას მარიკა დათუკიშვილმა.