ფინანსთა მინისტრის მოადგილე რომან გოცირიძეს - არც ერთი ინფორმაცია, რომელიც წარმოვადგინე, არ არის სიცრუე

არც ერთი ის ინფორმაცია, რომელიც წარვადგინე, არ არის სიცრუე, - ასე უპასუხა უმცირესობის წევრის, რომან გოცირიძის კრიტიკას, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ. საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე გამოსვლისას კაკაურიძემ განმარტა, რომ ფინანსთა სამინისტრო კანონის სრული დაცვით მოქმედებს და საზოგადოებას სწორ ინფორმაციას აწვდის.

”არც ერთი ის ინფორმაცია, რომელიც წარმოვადგინე, არ არის სიცრუე. ბატონო რომან, თქვენ კარგად ერკვევით სახაზინო ოპერაციებში და კარგად იცით, რას ნიშნავს ფულის მასაზე გავლენა. ნაშთის გამოყენება არ ნიშნავს, რომ ფულის მასაზე მოხდა გავლენა. თანხის ნაწილი, რომელიც ნაშთიდან გამოიხარჯება, შესაძლებელია საერთოდ საქართველოში არ იხარჯებოდეს, მათ შორის სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა. ასევე ეროვნული ბანკის მიერ გადახდილი თანხები საერთოდ არ ხვდება საქართველოს ბაზარზე და როდესაც მოგახსენებთ სახაზინო ოპერაციებზე, თუ თქვენ გიჭირთ, არ გაქვთ სრულყოფილი ინფორმაცია, დათვლილს მოგაწვდით, თუ როგორ არის შემცირებული წლის დასაწყისიდან სახაზინო ოპერაციების გავლენით ფულის მასა და რამდენი თანხაა ამოღებული. ერთადერთი ზრდა იყო თებერვალში, იმის შემდეგ ყოველთვის არის ამოღება და ჯამით 250 მილიონი ლარია ამოღებული სახაზინო ოპერაციების შედეგად. რაც შეეხება 180 მილიონს, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ გვქონდა სამართლებრივი საფუძველი, ის არის ბიუჯეტში გაწერილი, რომ წლის განმავლობაში წმინდა ზრდა არ უნდა იყოს 200 მილიონ ლარზე მეტი, თუმცა წლის შიგნით აბსოლუტურად უფლებამოსილია ფინანსთა სამინისტრო გამოუშვას დროებითი სახაზინო ვალდებულებები და გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება აიღოს და დაფარვა მოხდეს. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს წარმოდგენილ ცვლილებებს, საჭირო იქნებოდა ამ ვალდებულებების დაფარვა, მისი ნაშთი არის ბიუჯეტში და შესაბამისად, დაიფარებოდა ეს სახაზინო ვალდებულებები,”- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

საპარლამენტო უმცირესობამ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს 2016 წლის ბიუჯეტში შესატანილი ცვლილებების საკითხზე მოუსმინა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მათთვის დეზინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა და შემდეგი რეპლიკით მიმართა: „მეც ვიტყუებოდი ახალგაზრდობაში და ხომ ხედავთ, ცხვირი გრძელი მაქვს - თქვენც დაგიგრძელდებათ“.