„სითი პარკთან“ კაბალური ხელშეკრულების ხელმომწერი საკრებულოს სხდომაზეა - მამუკა ახვლედიანი და მას შეგიძლიათ მოკითხოთ საკითხი, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „სითი პარკთან“ დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის მიერ დასმული შეკითხვის კომენტირებისას განაცხადა.
ნარმანიას თქმით, საკრებულოს დეპუტატებს შეუძლიათ ისევე მწვავედ დაუსვან შეკითხვები „სითი პარკის“ ხელმძღვანელებს, როგორც ამას თბილისის მერია ახორციელებდა. მისივე თქმით, თბილისის მერია დაინტერესებულ პირებს გადასცემს მის ხელთ არსებულ საბუთებს, რათა საკრებულოში შექმნილმა კომისიამ, რომელიც „სითი პარკის“ საქმიანობას ეხება, გამოიყენოს დანიშნულებისამებრ.
„ჩვენ შეგვიძლია დავუძახოთ „სითი პარკის“ წარმომადგენლებს, ასევე მათ დამფუძნებლებს, ნუ მოერიდებით, ჩვენ არ გვერიდებოდა მათთან არც ერთი შეხვედრის დროს საკითხების წამოჭრა. თუმცა, ეს არის დანაშაულებრივი ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების მთავარი ხელმომწერი საკრებულოს სხდომაზეა. ეს არის მამუკა ახვლედიანი, რომელმაც კაბალურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, როგორც ქალაქის ერთ-ერთმა მმართველმა და შეგიძლიათ მას მოკითხოთ საკითხი. ჩვენ შეგვიძლია გადმოგცეთ დოკუმენტები, რომელიც „სითი პარკის“ კომისიაზე მუშაობისას შესაძლოა გამოგადგეთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.