თბილისის საკრებულომ 2017 წლის თბილისის ბიუჯეტი 31 ხმით 7-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.
სხდომაზე ბიუჯეტის პროექტი ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ წარადგინა. ბიუჯეტის მოცულობა 801 302 000 ლარს შეადგენს. დავით ნარმანია საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში ბიუჯეტის ზრდას არ გამორიცხავს.
2017 წლის ბიუჯეტის პროექტით, დედაქალაქში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, პრიორიტეტებად განისაზღვრა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათება. ასევე ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია.
ბიუჯეტის დამტკიცება საკრებულოში გარკვეული დისკუსიისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა, ძირითადად, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს შორის. საკრებულოს ოპოზიცია აცხადებდა, რომ 2017 წლის თბილისის ბიუჯეტი პროგრამული არ არის და მოსახლეობის ინტერესებს სრულად არ გამოხატავს.