„ორი ნაბიჯი“ მაღაზიათა ქსელის გაფართოებას აგრძელებს

„ორი ნაბიჯი“ მაღაზიათა ქსელის გაფართოებას აგრძელებს. თბილისში კომპანიის კიდევ ერთი მაღაზია გაიხსნა. რიგით 85-ე სუპერმარკეტი ამიერიდან თემქაზე მოემსახურება მომხმარებელს.

მომსახურების მაღალი ხარისხი, კონკურენტული ფასები და აქციები ის შეთავაზებებია, რომელსაც ორი ნაბიჯი მომხმარებლებს უკვე ტრადიციულად სთავაზობს.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ავთანდილ წერეთელმა განაცხადა, წლის ბოლომდე თბილისში კიდევ ერთი ახალი მაღაზიის დამატება იგეგმება.

”მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, მომწოდებლებსა და პარტნიორებს. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევძელით კიდევ ერთი მაღაზიის გახსნა. ვაგრძელებთ წინსვლასა და ქსელის გაფართოებას. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმები, აქტიური განვითარება არც შემდეგ წლებში შეჩერდება,”-აღნიშნა ავთანდილ წერეთელმა.

კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, მაღაზიათა ქსელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მომხმარებელს დაბალი ფასები, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და მომსახურების მაღალი ხარისხი შესთავაზოს.

”ჩვენ ვცდილობთ, მოვერგოთ მომხმარებელთა მოთხოვნებს და მუდმივად შევძლოთ, მათი აზრის გათვალისწინებით, იმ ცვლილების შეტანა, რომლებიც გააუმჯობესებს ჩვენი მომსახურების ხარისხს. საგანგებოდ შევისწავლეთ თემქის მოსახლეობის მოთხოვნები როგორც ასორტიმენტის, ისე ფასების კუთხით. დავგეგმეთ ძალიან კარგი აქციები. ყოველდღიური მოხმარების ბევრ პროდუქტზე საკმაოდ დაბალი და კონკურენტული ფასები გვაქვს,”-აღნიშნა „ორი ნაბიჯის” გენერალურმა დირექტორმა. მისივე ინფორმაციით, ”ორი ნაბიჯი” სიურპრიზებსა და აქციებს მომხმარებელს მთელი წლის განმავლობაში შესთავაზებს.

როგორც კომპანიაში განაცხადეს, წინასაახალწლო შეთავაზებები 12 დეკემბერს დაიწყო, რაც ყოველდღიურად კონკრეტულ პროდუქტებზე დიდ ფასდაკლებას გულისხმობს. 16 დეკემბერს კი ერთთვიანი აქციაც დაიწყება, რომლის ფარგლებშიც ფასდაკლება იქნება 50-ზე მეტ საახალწლო პროდუქტზე. „ორი ნაბიჯი“ მომხმარებელს სასაჩუქრე ნაკრებებსაც შესთავაზებს.

2010 წლიდან მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აქტიურად ვითარდება. ამ დროისათვის კომპანია თბილისის ყველა უბანშია წარმოდგენილი და მომხმარებლებს ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების მისაღებ ფასად შეძენის შესაძლებლობას სახლიდან პრაქტიკულად ორ ნაბიჯზე აძლევს.

”ორი ნაბიჯი” მიმდინარე წლის განმავლობაში, სუპერმარკეტების ბაზარზე ყველაზე მზარდი ტემპით გამოირჩევა.

ქრისტინე გამთენაძე

R