ლადო პაპავა - მთავრობას არ ჰყოფნის ცოდნა თუ პოლიტიკური სითამამე ხალხს აუხსნას, რომ ლარი უნდა უფასურდებოდეს

2016 წლის ეკონომიკურ შედეგებსა და 2017 წელს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე, "ინტერპრესნიუსი" პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა.

- ბატონო ლადო, პარლამენტმა 2017 წლის ბიუჯეტი მიიღო. ხელისუფლება ამტკიცებს მზადაა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რომ საქართველო განვითარების ახალ ეტაპზე გავიდეს. მეტიც, ხელისუფლება აცხადებს, რომ მზადაა მიიღოს ის გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას. თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ დოკუმენტს? იძლევა თუ არა იგი იმის თქმის საშუალებას, რომ ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავა და პასუხობს თუ არა იმ ეკონომიკურ გამოწვევებს, რომელიც საქართველოს წინაშე დგას?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი მართლაც არ არის. პრობლემა ისაა, რომ 2017 წლის ეკონომიკური პროგნოზი ზედმეტად ოპტიმისტურად მეჩვენება. ამ პროგნოზის თანახმად 2017 წელს მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდა უნდა იყოს 4%. ეს დაცილებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზსაც. არც ქართულ ეკონომიკას და არც გლობალურ ეკონომიკას არ გააჩნია ისეთი სიმპტომები, რომ 4%-იანი ზრდა იყოს უზრუნველყოფილი.  პრობლემა ისაა, რომ 2017 წლის ეკონომიკური პროგნოზი ზედმეტად ოპტიმისტურად მეჩვენება. თუ 4%-იანი ზრდა არ იქნება, მაშინ გარკვეული პრობლემები დაუდგება სხვადასხვა სახეობის საგადასახადო შემოსავლებს, რომლებიც უშუალოდ არის მიბმული ეკონომიკურ ზრდაზე.

- ოპოზიცია ხელისუფლებას იმას საყვედურობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტები არასწორად არის განსაზღრული. რამდენად სამართლიანია ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციის შენიშვნა და რამდენად შესრულებადია 2017 წლის ბიუჯეტი?

- ოპოზიცია იმისთვის არის, რომ ყოველთვის აკრიტიკოს ხელისუფლება. ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომ ოპოზიციამ არ დაუჭიროს მხარი ბიუჯეტს, არ გაიზიაროს პასუხისმგებლობა, ამიტომ მე ასეთ კრიტიკას სერიოზულ კრიტიკად ვერ აღვიქვამ. განსაკუთრებით ისეთი ოპოზიციისაგან, როგორიცაა ”ნაცმოძრაობა”. ის, რაც დღეს ქართულ ეკონომიკაში ხდება, ამ ვითარების შექმნაში ლომის წილი მიუძღვის სწორედ ”ნაცმოძრაობას”, რომელიც 9 წელიწადი ეკონომიკური აღმავლობის ილუზიას ქმნიდა, სინამდვილეში კი ქართულ ეკონომიკას ძირი ეთხრებოდა. აქედან გამომდინარე მათ მოსაზრებებს მე არანაირ კომენტარს არ გავუკეთებ. რაც შეეხება იმას, შესრულებადია თუ არა 2017 წლის ბიუჯეტი. უკვე ვთქვი, რომ 2017 წლის ბიუჯეტში ზედმეტად ოპტიმისტური პარამეტრებია ჩადებული, ამიტომ მის შესრულებაზე ამ ეტაპზე გარკვეული ეჭვი არსებობს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

- 2017 წლის ბიუჯეტზე მსჯელობისას უმრავლესობის წარმომადგენლები მთავარ ყურადღებას ამახვილებდნენ პრემიერის 4-პუნქტიან გეგმაზე და ერთხმად აღნიშნავენ, რომ იგი ქვეყნის სწრაფი განვითარების სწორი გზაა. ამას წინათ ამ თემაზე საუბრისას თქვენ ბრძანეთ, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მხოლოდ 4-პუნქტიან გეგმაზე საუბარი როგორც მინიმუმ არასაკმარისია, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკა ვერანაირად ვერ ჩაეტევა 4-პუნქტიან გეგმაში. რასთან გვაქვს საქმე? რატომ ვერ ხედავს თუ ვერ იცლის ხელისუფლება ეკონომიკის სხვა სფეროების განვითარებისთვის?

- ეს კითხვა მეც მაღელვებს და მაწუხებს. საქმე ისაა, რომ 4-პუნქტიანი გეგმა, განსაკუთრებით მისი ორი პუნქტი, რომელიც ეხება მოგების გადასახადის ესტონურ მოდელს და განათლებაში გერმანული მოდელის შემოღებას, პრაქტიკულად დააკანონებს საქართველოს ეკონომიკის ცუდ სტრუქტურას, შეინარჩუნებს საქართველოს ეკონომიკის მომხმარებლურ ხასიათს.  მოგების გადასახადის ესტონური მოდელი პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ განვითარდებიან ისევ ბანკები, რესტორნები, სასტუმროები, ხოლო ის ბიზნესი, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას, - ინოვაციურ ეკონომიკას ვგულისხმობ, საერთოდ არ შეიქმნება.  განათლების გერმანული მოდელი ნიშნავს იმას, რომ ბიზნესმა უნდა მიიღოს მონაწილეობა და დააფინანსოს მისთვის საჭირო სპეციალობები, ანუ, ისევ ბანკირები, იურისტები, რესტორნებისა და სასტუმროების მომსახურე პერსონალი. ამიტომაცაა, რომ ვამბობ, ეკონომიკური თვალსაზრისით მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა არის არა საქართველოს განვითარების, არამედ საქართველოში მახინჯი სტრუქტურის შენარჩუნების გზა.  რასთან გვაქვს საქმე? არ ვიცი - დაბალ პროფესიონალიზმთან, სიჯიუტესთან, თუ ეკონომიკური მეცნიერების როგორც ასეთის სიძულვილთან. მთავრობა და პარლამენტიც დიდი ხანია აცხადებენ, რომ მათ არ სჭირდებათ ეკონომისტებთან ურთიერთობა. მათთვის მთავარია მთავრობაში იყოს კარგი მენეჯერი. მენეჯერი კი ეკონომისტი არ არის. ამიტომაც მენეჯერული პოლიტიკით ეკონომიკაში დაშვებულია ფანტასტიკური ხასიათის შეცდომები.

- ლარის კურსის ვარდნა კვლავაც აქტუალურ თემად რჩება. თქვენი აზრით, რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება ლარის კურსის შენარჩუნებას? რამდენად მართებულია მტკიცება, რომ მთავრობამ სტაბილურ ეროვნულ ვალუტასა და ეკონომიკის ზრდას შორის არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა?

- ჩვენ არ უნდა გვქონდეს საუბარი ლარის კურსის შენარჩუნებაზე, ეს შეუძლებელია. შეუძლებელია იმიტომ, რომ აშშ-მ და მისმა ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთი ასწია, რითაც დოლარი ისევ გააძვირა. დოლარი მთელ მსოფლიოში ძვირდება და ჩვენი ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში იაფდება. ამიტომ, ეს პროცესი საქართველოშიც გარდაუვალია.

ჩვენი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი გახლავთ თურქეთი. სამწუხაროდ, თურქეთი დიქტატურისკენ მიდის, რაც იწვევს იმას, რომ თურქეთის ეკონომიკა კარგავს ნდობას და ლირა უფასურდება. შედეგად, თურქეთისთვის ძალიან მომგებიანია ექსპორტი. სად წავა ეს ექპორტი? პირველ რიგში იმ ქვეყნებში, რომელთანაც თურქეთს აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. ჩვენ ვართ სწორედ ის ქვეყანა, რომელთანაც თურქეთს აქვს თავისუფალი ვაჭრობა, თანაც უშუალოდ მოსაზღვრე ქვეყანაა. ჩვენ ვართ დიდი საფრთხის ქვეშ იმ თვალსაზრისით, რომ თურქეთიდან იმპორტი გაგვეზრდება. ეს კი კიდევ უფრო უარყოფითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. ამ შემთხვევაში ლარი უნდა გაუფასურდეს. ეს არის ერთადერთი სწორი გზა. არ ვიცი მთავრობას არ ყოფნის ცოდნა თუ პოლიტიკური სითამამე, რომ ხალხს აუხსნას - ლარი უნდა უფასურდებოდეს. ცუდია, როდესაც სახეზეა ლარის ვარდნა. ლარის გაუფასურება უნდა ხდებოდეს თანდათანობით. მისი გაუფასურება ბიზნესისთვის და ადამიანებისთვის პროგნოზირებადი უნდა იყოს. სხვა გზა ქვეყანას არ აქვს. ლარის გაცვლითი კურსის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელია და ქვეყნისთვის საზიანოა.  რაც შეეხება მტკიცებას, თითქოს მთავრობამ სტაბილურ ეროვნულ ვალუტასა და ეკონომიკის ზრდას შორის არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა. მე ამას პრინციპულად არ ვიზიარებ. თუნდაც იმიტომ, რომ მთავრობის ეკონომიკურ ხედვაში მე ეკონომიკური ზრდის ორიენტაციას ვერ ვხედავ.

- ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ე.წ. ლარიზაციის გეგმა პირველი სერიოზული და

არაორდინალური გადაწყვეტილებაა დედოლარიზაციის კუთხით. თქვენ როგორ შეაფასებდით მთავრობის დედოლარიზაციისა და გალარების გეგმას? რამდენად განხორციელებადია იგი და რეალურად, რა სარგებელს მოუტანს ლარის კურსის ვარდნით შეწუხებულ მოსახლეობას?

- ეს კითხვა საკმაოდ კომპლექსურია, ამიტომ პასუხიც მარტივი ვერ იქნება. ლარიზაციის გეგმაზე ბევრი ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. მე კი შემიძლია გითხრათ, რომ ამ გეგმის რეალიზაციით დოლარიზაციის კოეფიციენტი საქართველოში დაიკლებს. მკითხველისთვის რომ გასაგები იყოს - დოლარებში ტრანზაქციების წილი შემცირდება. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგი სარგებელს მოუტანს ლარის კურსით შეწუხებულ მოსახლეობას.

ე.წ. გალარების გეგმა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არანაირ სარგებელს არ მოუტანს მთავრობის დამტკიცებიდან რამდენიმე დღეში ახალმა მთავრობამ პრაქტიკულად თავდაყირა დააყენა ისედაც რთულ დღეში მყოფი ეკონომიკა. სტატისტიკურად მთავრობა აჩვენებს, რომ დოლარიზაციის კოეფიციენტი შემცირდა, მაგრამ გაჭირვებული ხალხისთვის მაინც იქნება ეს პრესი. გეტყვით რატომაც. გალარების გეგმა ხელს უწყობს მხოლოდ იმ 33 ათას ადამიანს, ვისაც იპოთეკური სესხი დოლარში აქვთ აღებული. თანაც იმ ადამიანების ხარჯზე, ვისაც არანაირი სესხი არ აუღია, მათ შორის იმ ადამიანების ხარჯზე, ვინც ეკონომიკურად შეჭირვებულია და მიზერული ხელფასი აქვს. ამიტომ ე.წ. გალარების გეგმა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არანაირ სარგებელს არ მოუტანს. მთავრობა და ეროვნული ბანკი კი იტყვიან, რომ დოლარიზაციის კოეფიციენტი შემცირებულია.

- როგორ შეფასებდით 2016 წელს ეკონომიკური თვალსაზრისით?

- რთულად, ძალიან რთულად. 2016 წელმა აჩვენა რომ საქართველოს სჭირდება ”კომბლე”, რათა ”სამთავრობო მგელს” გაუმკლავდეს...

- რას მიიჩნევდით 2016 წელს უმთავრეს და უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ მოვლენად?

- უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მოვლენა ალბათ მაინც ის არის, რაც ახლა მოხდა - ყოვლად გაუაზრებელი მოქმედებები, როდესაც მთავრობის დამტკიცებიდან რამდენიმე დღეში ახალმა მთავრობამ პრაქტიკულად თავდაყირა დააყენა ისედაც რთულ დღეში მყოფი ეკონომიკა. რთულ მდგომარეობაში ჩააყენა ბიზნესი, რაც აისახა ლარის კურსზე, სამწუხაროდ, ეს გახლავთ უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც მინუს ნიშნითაა. 2016 წლის დასწყისში ”გაზპრომმა” ვერ აჯობა საქართველოს მთავრობას, ვერ აჯობა ქართველ ხალხს... ვფიქრობ, რომ 2016 წელს ეს იყო ყველაზე დიდი ეკონომიკური გამარჯვება.

- რას მიიჩნევდით 2016 წლის ყველაზე ცუდ და ყველაზე კარგ ეკონომიკურ ფაქტად?

- ყველაზე ცუდი არის, ის, რაც უკვე გითხარით. ყველაზე კარგი კი არის ის, რომ 2016 წლის დასწყისში ”გაზპრომმა” ვერ აჯობა საქართველოს მთავრობას, ვერ აჯობა ქართველ ხალხს, სატრანზიტო გაზში, რომელიც საქართველოს გავლით სომხეთს რუსეთიდან მიეწოდება, მისი საფასური დარჩა ისევ ნატურაში და არ გავიდა ფულად ერთეულში. ვფქირობ, რომ ეს იყო ყველაზე დიდი ეკონომიკური გამარჯვება...

- რას მიიჩნევდით იმის მიზეზად, რომ "ქართული ოცნების" დაპირებების მიუხედავად, ხელისუფლების მხრიდან პროექტ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში გარკვეული მცდელობების მიუხედავად, ქვეყანაში არ შექმნილა ახალი საწარმოები, არ გაზრდილა დასაქმებულთა რაოდენობა და ქვეყანას არ დაუწყია იმგვარი პროდუქციის წარმოება, რომლის გატანა ექსპორტზე იქნებოდა შესაძლებელი...

- ”აწარმოე საქართველოში” ძალიან კარგი პროექტია. მაგრამ, ის არ არის მასშტაბური. მთავრობას ამ საქმეში გვერდზე უნდა დაუდგეს საპარტნიორო ფონდი, რომელიც, ჩემი აზრით, პასიურობს. გაუგებარ პროექტებზე მახვილდება ყურადღება - წინანდალში სასტუმრო, გაუგებარი ინვესტორები ”ჰუმანითი ჯორჯია”-ში, და სხვ. და ეს იმ დროს, როცა მთავრობას აქვს ძალიან კარგი პროექტი, ვგულისხმობ ”საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020”-ს. მასში წერია, რომ 2020 წლისთვის უნდა შეიქმნას ინოვაციური ეკონომიკა. სამწუხაროდ, ამ პროექტებზე მთავრობა აღარ საუბრობს. მე არ მესმის, რატომ. ალბათ, სწორედ იმიტომ, რომ ეკონომიკურ მეცნიერებაზე არიან აცრილები. სამწუხაროა, რომ ეს დოკუმენტი მივიწყებულია და აქედან გამომდინარე, არც საპარტნიორო ფონდი გრძნობს იმ ვალდებულებას, რომ უფრო მეტი ყურადღება გაამახვილოს სწორედ ისეთ პროექტებზე, რომლებიც ინოვაციური ეკონომიკის შექმნისთვის იქნება აუცილებელი.

- ექსპერტთა საკმაოდ დიდი ნაწილი ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციებთან ცუდ თანამშრომლობას საყვედურობს, რის შედეგადაც ქვეყანა იმ გრანტებსაც ვერ იღებს, რაც, მაგალითად, წინა წელს იყო დაგეგმილი. რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლება პროექტების დამფინანსებელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან წარმატებით ვერ საქმიანობს?

- სწორედ ეს გახლავთ კომპეტენტურობისა და პოლიტიკური ნების ნაკლებობის საკითხი. საქართველო, როცა ყველაზე რთულ მდგომარეობაში იყო, ვგულისხმობ 90-იან წლების შუა პერიოდს, როდესაც ჰიპერინფლაცია იყო, როდესაც კუპონი არავის უნდოდა, მაშინ შეძლო მთავრობამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის დაწყება და ქვეყანა გამოიყვანა უმძიმესი კრიზისიდან.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. არ ვიცი ეს რატომ არ კეთდება და რისი ბრალია - პროფესიონალიზმის თუ პოლიტიკური ნების არქონის. შესაძლოა, ორივეს ერთად. დღეს იმგვარი მდგომარეობა ნამდვილად არ არის ჯერ და რატომ არ აკეთებს ამას მთავრობა, რატომ აქვს ასეთი ნიჰილისტური დამოკიდებულება საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, არ მესმის. საქართველო მცირე ზომისა და მცირე რესურსების ქვეყანაა, მისი ეკონომიკური და ფინანსური რესურსები მწირია. ასეთ ვითარებაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. არ ვიცი რისი ბრალია - პროფესიონალიზმის თუ პოლიტიკური ნების არქონის. შესაძლოა, ორივეს ერთად...

- პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 26 ნოემბერს პარლამენტში განაცხადა, რომ მთავრობა "საქართველოს რკინიგზისა" და "ნავთობისა და გაზის კორპორაციის" 25%-ის გასხვისებას გეგმავს. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ საინვესტიციო ბანკებთან მოლაპარაკება უკვე გამართა და კომპანიათა აქციების საფონდო ბირჟაზე განსათავსებლად ხელსაყრელ პერიოდს ელის. პრესაში პოტენციური მყიდველებიც უკვე დასახელდნენ - "სოკარი" და "გაზპრომი". თუ დასახელებული აქციები ან ერთმა, ან მეორე კომპანიამ შეიძინა, ეს რისი ნიშანი შეიძლება აღმოჩნდეს?

- ეს ძალიან ცუდი მიდგომაა. მეტიც, მე ვიტყოდი - კატასტროფული მიდგომა. ეს გახლავთ ”ნაცმოძრაობის” მსოფმხედველობის გაგრძელება. ქართველმა ხალხმა ”ქართულ ოცნებას” იმიტომ კი არ მისცა ხმა, რომ ”ნაცმოძრაობის” პოლიტიკა გაგრძელებულიყო.  ეს ის შემთხვევაა, როცა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს პრინციპულად არ ვუჭერ მხარს, რადგანაც მე მხარს ქართულ სახელმწიფოს, საქართველოს ვუჭერ!  როგორ შეიძლება ასეთი სტრატეგიული ობიექტები გადასცე სხვას. ერთი არის ჩვენი მტერი, მეორე არის ჩვენი მოყვარე, მაგრამ, ორივე შემთხვევაში იქნება კონფლიქტი. თუ ”სოკარს” ექნა ზეგავლენა, ის მას აუცილებლად გამოიყენებს სომხეთის წინააღმდეგ და საქართველო აღმოჩნდება აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტში აქტიურად ჩაბმული. რატომ ვაკეთებთ ამას?  ვინ მისცა უფლება პრემიერ-მინისტრს ასე გაანიავოს ქვეყნის სიმდიდრე და ქვეყანას შეუქმნას სერიოზული საფრთხე? ეს არის უდიდესი შეცდომა და ამიტომ გავიმეორებ - ამ საკითხში ვერანაირად დავუჭერ მხარს პრემიერ-მინისტრს, რადგანაც მე მხარს ვუჭერ საქართველოს სახელმწიფოს. მეორე მხრივ, თუ მას იყიდის რუსეთი, სულ ცოტა, ძალიან გაგვირთულდება ურთიერთობა აზერბაიჯანთან. და კიდევ, რაც მთავარია - ეს სტრატეგიული ობიექტები ქვეყნის საკუთრება და ქვეყნის სიმდიდრეა, ვინ მისცა უფლება პრემიერ-მინისტრს ასე გაანიავოს ქვეყნის სიმდიდრე და ქვეყანას შეუქმნას სერიოზული საფრთხე? ეს არის უდიდესი შეცდომა და ამიტომ გავიმეორებ - ამ საკითხში პრინციპულად არ ვუჭერ მხარს პრემიერ-მინისტრს, რადგანაც მე მხარს საქართველოს სახელმწიფოს ვუჭერ!

- სავარაუდოდ, როგორია 2017 წელს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა? და კიდევ, რამდენად მართებულია მტკიცება, რომ 2017 წელს ეკონომიკის განვითარება მნიშვნელოვან წილად საგარეო ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული?

- საკმაოდ რთული პერსპექტივაა, იმიტომ, რომ ის გეგმა და ხედვა, რომლითაც ”ქართული ოცნება” აკანონებს ბიუჯეტის ხაზით, საქართველოში გამოიწვევს ძალიან რთულ ეკონომიკურ ვითარებას.

საქართველოში ჩამოყალიბდა სოციალური კრიზისი. არ მინდა რომ 2017 წელი ამ სოციალური კრიზისის უარყოფითად განმუხტვის წელი იყოს. იქნება ფასების ზრდა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესება. დღეს შეგვიძლია მკაფიოდ ვთქვათ - საქართველოში ჩამოყალიბდა სოციალური კრიზისი. არ მინდა, რომ 2017 წელი იყოს ამ სოციალური კრიზისის უარყოფითად განმუხტვის წელი.  ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს ვუსურვო ბედნიერი შობა, ახალი წელი, და რაც მთავარია, ქვეყანა მართლაც არ ჩავარდეს სოციალური კრიზისის მორევში. 

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”