მთავრობას ეკონომიკური განვითარების მკაფიო ხედვა აქვს, რომელიც პრემიერის მიერ წარმოდგენილ ოთხპუნქტიან გეგმაშია ასახული , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას შეეძლო მკვეთრი ეკონომიკური ნაბიჯები არ გადაედგა, თუმცა ასეთ შემთხვევაში რეგიონში საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს შევინარჩუნებდით.
”მართალია, ეს რეგიონში არსებული ეკონომიკური ვითარების ფონზე ცუდი არ იქნებოდა, თუმცა საქართველოს დღეს საშუალო მაჩვენებელი კი არა, სწრაფი ეკონომიკური განვითარება სჭირდება.
მოგეხსენებათ, ეკონომიკური ცვლილებები რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადის შემცირებას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც ალტერნატიული რეფორმების გატარების აუცილებლობაც დადგა, რათა საბიუჯეტო დეფიციტი მაქსიმალურად შეგვემცირებინა.
გადასახადის შემცირება საბიუჯეტო დეფიციტის გაზრდას, შემოსავლების შემცირებას გულისხმობს, რასაც დაბალანსება სჭირდებოდა. ეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების, მათ შორის სავალუტო ფონდის რეკომენდაციაც გახლდათ.
ეკონომიკური განვითარების ამბიციური გეგმის წყალობით, იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკური ზრდის ყოველწლიურ მაჩვენებელს რამდენიმე პროცენტით გავზრდით”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.