2017 წლის 1 იანვრიდან ავტომობილებზე აქციზის გადასახადი იზრდება. ყველაზე მეტად ძვირდება 7 წელზე ძველი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. ავტომობილის აქციზში ყველაზე ნაკლებს გადაიხდით თუ არჩევანს 7 წელზე ნაკლები წლოვანების ჰიბრიდზე შეაჩერებთ. რა თქმა უნდა, თუ თქვენი ბიუჯეტი ამის საშუალებას გაძლევთ. ბევრი ამ ცვლილებებმა შეაშინა და გაუჩინა განცდა, რომ ავტომობილს ვეღარ შეიძენს. თუმცა, მსოფლიოში იაფი და ეკოლოგიური მანქანების ხელმისაწვდომობის საკითხი, საბედნიეროდ, უფრო ადრე დაისვა და თუ კვალიფიციურ დილერს მიმართავთ, არცთუ უფრო მაღალ ფასად შესაძლებელია იყიდოთ ეკნომიური, უფრო ეკოლოგიური და შედარებით ახალი ავტომობილი.
რა ცვლილებებია მოსალოდნელი ავტომობილებზე აქციზების ზრდის შედეგად, ვინ დაზარალდება და ვინ მოიგებს, იაფი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რა ალტერნატივები არსებობს იგივე საფასო სეგმენტში და ამ სფეროს სხვა საინტერესო საკიხთებთან დაკავშირებით ავტომობილების იმპორტიორი კომპანია "კავკასუს მოტორსის" გენერალური დირექტორი, გიორგი სურგულაძე გვესაუბრება.
- როგორ შეაფასებთ მთავრობის ინიციატივების პაკეტს, რომელიც ავტომობილებზე აქციზის ზრდას ეხება, როგორ იმოქმედებს ავტომობილების იმპორტიორ კომპანიებზე?
- დადებითად შევაფასებდი. აღნიშნული ცვლილების შედეგად განახლდება საქართველოს ავტოპარკი და გახდება რეგიონის სხვა ქვეყნების მსგავსი, რაც გაზრდის რეექსპორტსა და ავტოდილერი, რომელიც სარეალიზაციოდ მოახდენს ავტომობილის იმპორტს, ერთდროულად ორიენტირებულ იქნება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე მთლიანად რეგიონზე. გაიზრდება ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების წილი, რაც მოგვცემს უკეთეს ეკოლოგიურ გარემოს, ასევე შეამცირებს მოქალაქეების ხარჯებს და მათ მეტი დანაზოგი შეექმნებათ. პრაქტიკულად, გაჩერდება იაფიანი და საქართველოს მოქალაქეებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი. რაც, ერთი მხრივ, შეამცირებს დოლარის გადინებას და ლარის სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება ავტოიმპორტიორ კომპანიებს, კომპანიები რომლებიც ავტო-იმპორტს აწარმოებდნენ იაპონიის გარდა, ამერიკიდან და ევროპიდან ადვილად მოახდენენ ცვლილებებთან ადაპტირებას, ხოლო რომლებიც მხოლოდ იაპონიიდან აწარმოებდნენ ავტო-იმპორტს, შეწყვეტენ ფუნქციონირებას ან შეიცვლიან მიმართულებას და გადავლენ ავტომობილების ამერიკიდან ან/და ევროპიდან იმპორტზე.
- ყველაზე მეტად აქციზი მატულობს მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე, რა ალტერნატივა აქვს იმ მომხმარებელს, რომელსაც იაფიანი ავტომობილის ყიდვა სურს, მარტივად რომ ვთქვათ, იგივე ფასად ვერაფერს ვეღარ იყიდის?
- იგივე ფასად ნამდვილად ვეღარ იყიდის. თუმცა არის იაფიანი ჰიბრიდული მოდელები, რომლებიც მცირე თანხის დამატებით ასევე ხელმისაწვდომი იქნება.
- როგორ შეიცვლება იმპორტის სტრუქტურა, რით ჩანაცვლდება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების სეგმენტი?
- მკვეთრად მოიმატებს ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების წილი. მაგალითისათვის შემიძლია გავაკეთო შედარება: ცვლილების დაანონსებამდე თუ შეკვეთებში ჰიბრიდული ავტომობილების წილი 20% იყო, დაანონსების შემდეგ 70% გახდა. ასევე არის მცდელობები ელექტრომობილების შეკვეთებისაც.
- ელექტრომობილებზე ნულოვანი აქციზია, თუმცა დიდი პოპულარობით ამ ტიპის ავტომობილები საქართველოში არ სარგებლობს, ამის მიზეზი მისი სიძვირეა თუ უფრო მენტალობასთან გვაქვს საქმე?
- არის შედარებით ხელმისაწვდომი ელექტრომობილები, თუმცა მთავარ წინაღობას წარმოადგენს შესაბამისი სერვისის არარსებობა და ელექტრომობილების ნაწილების დეფიციტი.
- რით უპასუხებს მთავრობის მიერ დაანონსებულ ცვლილებებს "კავკასუს მოტორსი"? აპირებთ სტრატეგიის შეცვლას? როგორ მოერგებით ახალ რეგულაციებს?
- კავკასუს მოტორსი აწარმოებდა ავტო-იმპორტს როგორც იაპონიიდან, ასევე ამერიკიდან და ევროპიდან. შესაბამისად, ახალ რეგულაციებთან ადაპტაცია არ გაგვიჭირდება. თუმცა, სტრატეგიაში გარკვეულ ცვლილებებს აუცილებლად შევიტანთ, რასაც მომხმარებელი უახლოეს მომავალში შეიტყობს.
გიორგი კაპანაძე
გაზეთი "ბანკები და ფინანსები"