რა გაძვირდა უკვე და რა გაძვირდება უახლოეს რამდენიმე კვირაში?

ეროვნული ვალუტის დოლართან მიმართებით თითქმის ყოველდღიური გაუფასურების ფონზე დაანონსებული აქციზის გაძვირების მოლოდინმა მედიკამენტების, ნავთობპროდუქტების, თამბაქოსა და პირველადი მოხმარების საგნების გაძვირება 10-20 თეთრით უკვე გამოიწვია. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სპეციალისტები სოციალური ფონის გაუარესებას იანვარ-თებერვალში პროგნოზირებენ და მაშინ უკვე მიკროავტობუსით მგზავრობისა და კომუნალური გადასახადების გაძვირებასაც არ გამორიცხავენ.

სავალუტო პუნქტებში 1 დოლარი 2,70 ლარის ფარგლებშია. დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი გაუარესდება, იანვრიდან კი პარალელურად აქციზის ფასიც გაორმაგდება, რაც სპეციალისტების აზრით, მდგომარეობის გაუარესებას და პროდუქტებზე ფასების გაძვირებას კიდევ გამოიწვევს.

"ლარის დევალვაციასთან ერთად, ბუნებრივია, გაძვირდა თითქმის ყველა პროდუქტი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ძირითადად დამოკიდებული ვართ იმპორტზე. ფაქტობრივად, სამომხმარებლო კალათა ყალიბდება იმპორტირებული პროდუქტით. შაქარი, ბრინჯი, წიწიბურა - ეს ყველაფერი ძვირდება ავტომატურად იმიტომ, რომ დამოკიდებული ვართ უცხოეთიდან შემოტანაზე. ამას ემატება ტრანსპორტის ხარჯები და ეს კიდევ უფრო სტიმულს მისცემს გაძვირებას.

"გამომდინარე იქიდან, რომ აქციზი ორმაგდება, ბუნებრივია, ბენზინიც გაძვირდება, ეს კი სხვა პროდუქტების გაძვირებასაც გამოიწვევს. ბენზინი დაახლოებით 25-30 თეთრით გაძვირდება", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი.

მედიკამენტები

ლარის დოლართან მიმართებით თითქმის ყოველდღიურმა გაუფასურებამ მედიკამენტებზე გავლენა უკვე მოახდინა და თითქმის ყველა წამალი 5-10 თეთრით გაძვირდა. უფრო მეტით კი გაძვირებულია დეფიციტური წამლები. მაგალითად, "კორვალოლი". სანამ დეფიციტში იქნებოდა, 65 თეთრი ღირდა, ახლა მისი შეძენა მომხმარებელს 1 ლარამდე შეუძლია. თავის ტკივილის საშუალება "ციტრამონი" თუ გასულ თვეს 15 თეთრი ღირდა, ახლა მისი შეძენა 25 თეთრად არის შესაძლებელი.

ჯერ არ გაძვირებულა გაციების და გრიპის სამკურნალო მედიკამენტები

"ხველების მედიკამენტები და გაციების საწინააღმდეგო ჩაი ჯერ არ გაძვირებულა, ყოველ შემთხვევაში ჩვენთან, მაგალითად, "ეფექტი ჩაი" ისევ 1,20 ლარი ღირს. ყელის წამლებიც იგივე ფასში გვაქვს, თუმცა ჯერჯერობით ძველი შემოტანილები გვაქვს, მერე რა იქნება არ ვიცი", - განუცხადეს "მთელ კვირას" ერთ-ერთ აფთიაქში.

კვებისა და პირველადი მოხმარების პროდუქტები

მედიკამენტებთან ერთად, გასულ თვესთან შედარებით გაძვირებულია საკვები პროდუქტების ნაწილიც, თუმცა არა საგანგაშოდ. აქ ფასების მატება ჯერჯერობით 10-15 თეთრით შეიმჩნევა. გარდა სიგარეტებისა, რომელზეც დაანონსებული აქციზის გაორმაგებამ უკვე გამოიწვია მისი 20-30 თეთრამდე გაძვირება. თამბაქო იანვარში კიდევ 50-70 თეთრით გაძვირდება.

რაც შეეხება კვების პროდუქტებს, მაგალითად, თუ გასულ თვეს 1 ლიტრი რძე 2,25 ლარი ღირდა, ახლა მისი შეძენა 2,40 ლარად არის შესაძლებელი. შესქელებული რძე კი 10 თეთრით გაძვირდა და 1,7 ლარი ღირს. ასაწონი შოკოლადის კამფეტი 5,20 ლარი ღირს, 5 ლარის ნაცვლად. მაიონეზი 1,10 ლარი ღირდა და ახლა 1,25 გახდა. 1 კგ წიწიბურა 2,70 ღირს, ჯერჯერობით არ გაძვირებულა.

1 კგ შაქრის შეძენა ახლაც 1,90 ლარად არის შესაძლებელი, მისი ფასი ბოლო თვეში არ მომატებულა. აღსანიშნავია, რომ შაქარი ჯერ კიდევ საგრძნობლად ზაფხულის ბოლოს გაძვირდა.

არ გავძირებულა კარტოფილიც. ბაზარში მისი შეძენა 50-70 თეთრად არის შესაძლებელი. ძველ ფასს ინარჩუნებს სხვადასხვა დასახელების ზეთები.

ბოლო 1 თვეში ასევე 1M-20 თეთრი გაძვირებულია ნახევარფაბრიკატები, ქათმის ფილე და სხვა.

რაც შეეხება თამბაქოს, მოსალოდნელი აქციზის ფასის გაორმაგების გამო მის გაძვირებას იანვრიდან პროგნოზირებდნენ, თუმცა სუპერმარკეტებში გასულ კვირას სიგარეტი უკვე 20-30 თეთრით გაძვირდა. მაგალითად 3 ლარიანი სიგარეტის შეძენა ახლა 3,20 ლარად არის შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ იანვარში აქციზი გაძვირდება, შესაბამისად ფასების მატება თამბაქოსთან ერთად ბენზინსაც შეეხება. მისი შეძენა დაახლოებით 2 ლარად გახდება შესაძლებელი. ახლა 1 ლიტრი საწვავის შეძენა 1,74 თეთრად არის შესაძლებელი. დიზელი კი 1,83 თეთრი ღირს იანვრიდან კი სავარაუდოდ, 2 ლარს გადააჭარბებს. ცნობისთვის ბოლო ერთ კვირაში ნავთობპროდუქტები ჯერ მხოლოდ 5-7 თეთრით გაძვირდა.

ეკონომისტების პროგნოზი

მართალია ლარის დევალვაციამ პროდუქტების გაძვირება უკვე გამოიწვია, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს ჯერ დასაწყისია. ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას მოსახლეობა იანვარ-თებერვლიდან იგრძნობს. მათი აზრით, აქციზზე ფასის გაზრდის გამო, სავარაუდოდ, ასევე გაძვირდება მგზავრობა და კომუნალური გადასახადები. შესაბამისად, სპეციალისტები პროდუქტების გაძვირებას კიდევ ელოდებიან.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სოსო არჩვაძის თქმით, აქციზის გაძვირება პროდუქტების გაძვირებას აუცილებლად გამოიწვევს, ეს თანმდევი პროცესია.

"აქციზის გაძვირება გამოიწვევს შესაბამის საქონელზე ფასების მატებას. ეს პირველ რიგში შეეხება საწვავს, სატრანსპორტო საშუალებებსა და სიგარეტს. ამის ხარჯზე კი მოხდება ბიუჯეტში საკმარისი თანხების მობილიზება.

"თუმცა, ამას აქვს თანმდევი ეფექტი - ამ პროდუქტებთან ერთად გაძვირდება პირველადი მოხმარების პროდუქტები მისთვის, რომ არ დაირღვევს წონასწორობა. მაგალითად, თუ სიგარეტი ძვირდება, ადამიანი, რომელიც სიგარეტს ყიდულობს, თავად კი მწვანილს ყიდის, იფიქრებს, რომ მეტი თანხა სჭირდება და ისიც შესაბამისად თავის პროდუქტს გააძვირებს.

ასევე ლარის მსგავსად თუ სხვა ქვეყნებშიც უფასურდება ადგილობრივი ფული დოლართან მიმართებაში, რა თქმა უნდა გაძვირებული პროდუქტის შემოტანაც მოგვიწევს. ამიტომ ჩვენთვის მთავარი საშიშროება ის კი არ არის, როგორ ეცემა ლარი, მთავარია იმ ქვეყნებიდან, რომლის პროდუქციის იმპორტიორები ვართ, როგორია იმ ფულის თანაფარდობა დოლართან მიმართებაში.

"აღსანიშნავია, საქართველოს ბაზარი თითქმის მთლიანად დაკომპლექტებულია იმპორტირებული პროდუქტით. პროდუქტების 16% შემოდის თურქეთიდან, 7% აზერბაიჯანიდან, თითქმის ამდენია დსთ-დან, ამერიკიდან მხოლო 3%-ის იმპორტი გვაქვს.

"თუ გრძელვადიან პერიოდს ავიღებთ, ყველგან ადგილობრივი ვალუტის დაცემა აშკარაა დოლართან მიმართებაში. მაგალითად, თურქული ლირა ივნისიდან დღემდე დაეცა 24%-ით. დოლართან მიმართებაში თურქული ლირის გაიაფება გვიქმნის საფრთხეს იმიტომ, რომ ეს გამოიწვევს თურქული პროდუქციის გაძვირებას", - უთხრა "მთელ კვირას" არჩვაძემ.

მისივე თქმით, იანვარში სიგარეტი 60 თეთრით გაძვირდება, მომავალში კი მისი ფასი 10 ლარის ფარგლებში იქნება.

"სიგარეტი გაძვირდება დაახლოებით 60 თეთრით და უფრო მეტსაც გეტყვით - ევროკავშირთან გვაქვს დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თანდათანობით 5-7 წლის მანძილზე სიგარეტი უნდა გაძვირდეს დაახლოებით 70%-მდე. ასე რომ, თამბაქო კიდევ გაძვირდება და სადღაც 2025 წლისთვის დაახლოებით 10 ლარის ფარგლებში იქნება ერთი კოლოფი", - გვითხრა არჩვაძემ.

გია ხუხაშვილი კი ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებას თებერვალ-მარტში ვარაუდობს. მისი თქმით, ლარის გამყარების ობიექტური საფუძვლები არ არსებობს. თუმცა კიდევ რამდენი პროცენტით გაიზრდება პოდუქტებზე ფასი, ხუხაშვილს უჭირს ამაზე პროგნოზის გაკეთება.

"ლარის გამყარების ობიექტური საფუძვლები არ არსებობს. ახლა ლარის კურსი სუბიექტურ ფაქტორებზეა დამოკიდებული - საზღვარზე შემოვა ბევრი ტურისტი თუ არა, დახარჯავს თუ არა ფულს და რამდენი ინდაური გაიყიდება საახალწლოდ, ასეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული და შესაბამისად, პრგონოზირება, თუ რა მოხდება, ძნელია.

ზოგადი პროგნოზით კი, როცა საახალწლო სუფრისთვის დაიწყებს საქართველოს მოსახლეობა მზადებას, აქტივობა დაიკლებს და 15 იანვრამდე წესით ხელისუფლებას ამოსუნთქვის საშუალება მიეცემა, სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობა შესუსტდება.

ამის შემდეგ კი, შეიძლება სერიოზული პრობლემები დაიწყოს. თებერვალ-მარტში რაიმე ტიპის აქტივობა, ტურისტული ან სხვა ტიპის, გამორიცხულია. შესაბამისად, ეს არის ერთი პრობლემა; მეორე - ადამიანები საახალწლოდ ფულს დახარჯავენ და პრაქტიკულად მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.

ასე რომ, თებერვალ-მარტში გვექნება მრავალწახნაგოვანი კრიზისი და როგორ მოახერხებს ხელისუფლება ამ ვითარების გამოსწორებას, არ ვიცი. წარმატებას ვუსურვებ", - განუცხადა "მთელ კვირას" ხუხაშვილმა.

თიკო ოსმანოვა

გაზეთი "რეზონანსი"