ეროვნულ მუზეუმსა და ეროვნულ ბანკს შორის ხვალ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, მემორანდუმს ხელს მოაწერენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.
”მონეტებსა და ფულის ისტორიას ქვეყნის პოლიტიკის, ეკონომიკისა და ისტორიის საკითხების გაშუქებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს (ისტორიული კოლხეთის), როგორც სამონეტო ცივილიზაციის ერთ-ერთი ადრეული კერის წარმოჩენას მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობაში.
ეროვნული ბანკი მუზეუმს გადასცემს მის მიერ გამოშვებულ საკოლექციო და მიმოქცევის დანიშნულების, ასევე, მიმოქცევიდან ამოღებულ ბანკნოტებსა და მონეტებს, რომლებიც სამომავლოდ მუზეუმის საგამოფენო სივრცეში განთავსდება.
ასევე, მემორანდუმის ფარგლებში, ეროვნული მუზეუმი ეროვნულ ბანკთან ერთად განახორციელებს შემეცნებითი-სასწავლო პროექტებს კულტურის, მეცნიერებისა და ისტორიის სფეროში”, -ნათქვამია ინფორმაციაში.