თბილისში, პირველი იანვრიდან Man-ის ფირმის ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა, CNG ძრავზე მომუშავე და ადაპტირებული კიდევ 15 ახალი ავტობუსი ივლის. ახალი ავტობუსების პრეზენტაცია დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გამართა.
როგორც თბილისის მერია იუწყება, 15-ვე ავტობუსი N51 ხაზზე დაინიშნება და გრძელ დისტანციაზე - გლდანიდან დიღმის მასივის, დიდუბის, საბურთალოსა და ვაკის გავლით ბაგების სტუდქალაქამდე იმოძრავებს.
ავტობუსები მგზავრებს სტანდარტულ ფასად - 50 თეთრად მოემსახურება და დაწესებული შეღავათებიც შენარჩუნდება.
„გერმანულმა კომპანია Man Truck and Bus AG-მა ახალი ავტობუსების მოწოდების მეორე ეტაპი წინსწრებით განახორციელა: ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისად, თბილისმა პირველი 10 ავტობუსი სექტემბერში მიიღო, რომლებიც N61 მარშრუტზე 6 ოქტომბერს გავიდნენ. მეორე ეტაპზე Man-ს თბილისისთვის 13 ავტობუსი იანვარში უნდა ჩაებარებინა, ხოლო თებერვალ-მარტში კიდევ 60-60 უნდა გადმოეცა, თუმცა, მომწოდებელმა ქართული მხარის თხოვნა გაითვალისწინა და ავტობუსების ნაწილის ვადაზე ადრე მოწოდება შეძლო.
12-მეტრიანი, ახალი ავტობუსები შშმ პირებისა და ჩვილ ბავშთა ეტლებისთვის სრულად არის ადაპტირებული და საამისოდ, სპეციალური პანდუსებით არის აღჭურვილი, ხოლო სალონში მათთვის განკუთვნილი სივრცეებია გამოყოფილი. Man-ის ავტობუსებში კონდიცირების სისტემა მუდმივად 22 გრადუსზეა დაპროგრამებული, რაც ზამთარ-ზაფხულ თანაბარი და კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
პირველი რეისის შესრულებამდე ახალ ავტობუსებს განაბაჟებენ და ტექნიკურად მოამზადებენ. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ კონკურსის წესით შერჩეული მძღოლები გადამზადდებიან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მერიის ინფორმაციით, უკვე გარკვეულია, რომ თბილისი წინსწრებით კიდევ 10 ავტობუსს მიიღებს და იანვრის ბოლოდან ისინი N 37 ხაზზე - სადგურის მოედნიდან აეროპორტის მიმართულებით იმოძრავებენ.
„თბილისს აპრილში სულ 143 Man-ის ახალი ავტობუსი ეყოლება. მერიის გადაწყვეტილებით, ლურჯი ავტობუსები დიდ, ყვითელ „ბოგდანის“ ფირმის ავტობუსებს ჩაანაცვლებენ. გამოთავისუფლებული დიდი „ბოგდანები“ კი, ტექნიკური შემოწმებისა და რემონტის შემდეგ იმ მარშრუტებზე დაემატებიან, სადაც ავტობუსების განსაკუთრებით მწვავე ნაკლებობაა. გადაწყვეტილია, რომ N61 მარშრუტის ყვითელი ავტობუსები N11 ხაზზე იმოძრავებენ. ამჟამად, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური N51 მარშრუტზე არსებული ყვითელი ავტობუსების გადანაწილების ვარიანტებს განიხილავს. დღეს თბილისში მგზავრებს ყოველდღიურად 522 მუნიციპალური ავტობუსი ემსახურება“, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
მერიის ინფორმაციით, ევროსტანდარტების შესაბამისი ავტობუსების შემოსვლის პარალელურად, დიდ დიღომში 377 ავტობუსზე გათვლილი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტობაზა შენდება, რომელიც ექსპლუატაციაში 2017 წლის გაზაფხულზე შევა და ქალაქში მოძრავ ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს.