საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე გერმანული არქიტექტურული კომპანიის Frey Gruppe თავმჯდომარეს ვოლფგანგ ფრეის შეხვდა. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან იუწყებიან, პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, გერმანული კომპანია Frey Gruppe, რომელიც 1959 წლიდან აქტიურად მუშაობს გერმანიასა და მის ფარგლებს გარეთ მდგრადი არქიტექტურის მიმართულებით, დაინტერესებულია საქართველოში შემოსვლით.
მაია მელიქიძის თქმით, ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი გარემოს შექმნა, რომელიც ქვეყნის სწორად განვითარების წინაპირობაა, თითოეული ჩვენგანის სოციალური ვალდებულებაა, ამიტომ პრეზიდენტის მრჩეველი მიესალმება კომპანიის ინტერესს და ინიციატივას, პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოში მდგრად არქიტექტურას, რაც თავის თავში ენერგოეფექტურ, კვლევასა და განვითარებაზე ორიენტირებულ მშენებლობას, ასევე, ხელმისაწვდომ და სოციალურ ინტეგრაციაზე მორგებულ საბინაო სტრუქტურას და სწორ ფინანსურ მოდელირებას გულისხმობს.