საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი საფრანგეთის სასამართლომ დამნაშავედ სცნო თანამდებობრივ გულგრილობაში.
„ბიბისის“ ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით კრისტინ ლაგარდს ბრალი ედება საფრანგეთის ფინანსთა მინისტრობის პერიოდში თანამდებობრივ გულგრილობაში. თუმცა, სასამართლომ IMF-ის ხელმძღვანელს სასჯელი არ დაუწესა.
საქმე ეხება 1990-იან წლებში დაწყებულ პროცესს, როდესაც ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ბერნარ ტაპი კომპანია "ადიდასში" თავის წილს ჰყიდდა. თუმცა, მაშინდელი გარიგება, რომლის შუამავლადაც ბანკი Credit Lyonnais გამოდიოდა, 15-წლიან სასამართლო გარჩევაში გადაიზარდა, ვინაიდან ტაპი ბანკს მოტყუებაში სდებდა ბრალს და კომპენსაციას მოითხოვდა.
2008 წელს, ლაგარდის ფინასთა მინისტრობის პერიოდში, საფრანგეთის მთავრობამ ტაპს კომპენსაციის სახით 404 მილიონი ევრო გადაუხადა.
სასამართლოს ცნობით, ტაპის საქმეს სწორედ კრისტინ ლაგარდი კურირებდა, რომელიც იმ პერიოდში საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
თავად ლაგარდი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ბერნარ ტაპის საქმეზე გადაწყვეტილება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.
კრისტინ ლაგარდის ადვოკატის განცხადებით, საფრანგეთის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.