საჩხერის გამგეობაში დასუფთავების სამსახურის 35-მდე თანამშრომელი შიმშილობს. შპს „საჩხერის დასუფთავების“ სამსახურის თანამშრომლები ამ ფორმით სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ , რომლის მიხედვითაც, დასუფთავების სამსახურმა ჩატარებულ ტენდერში თავდაპირველად გაიმარჯვა, შემდეგ კი კომისიამ მას დისკვალიფიკაცია მისცა.
,,გამოცხადდა ნაგვის გატანაზე ტენდერი და მოვიგე. ასევე, მონაწილეობდა მეორე მხარეც და მანაც მოიგო ტენდერი. საბოლოოდ, საბუთების მიხედვით, რომელიც ორივე კომპანიას წარდგენილი გვქონდა, გამგეობამ უპირატესობა ჩვენ არ მოგვანიჭა. ორი დღის წინ სხდომა გაიმართა გამგეობაში, სადაც გავიგეთ, რომ ჩვენ დავიბლოკეთ. მაინტერესებს ვისი ინტერესები იკვეთება ამ საქმეში“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შპს „საჩხერის დასუფთავების“ სამსახურის თანამშრომელმა მარინა სირაძემ.
საჩხერის გამგეობაში პირად ინტერესებს გამორიცხავენ. გამგებლის მოადგილე ელგიზი ქიმაძე განმარტავს, რომ გადაწყვეტილება კომისიის მიერაა მიღებული და შპს-ს შეუძლია შესყიდვების სამსახურს საჩივრით მიმართოს.