ავტომობილების სათადარიგო ნაწილების ხარისხზე ბევრად არის დამოკიდებული ადამიანების სიცოცხლე და მოძრაობის უსაფრთხოებაც. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქართველი ავტომფლობელები ელიავას ბაზრობას თუ ფეიქრების ქუჩას აკითხავენ, უარს ამბობენ ბრენდული სათადარიგო ნაწილების შეძენაზე და იაფფასიან პოდუქციას ეტანებიან. არიან ისეთნიც, რომლებიც მეორადი სათადარიგო ნაწილების შეძენას ამჯობინებენ, რადგან იციან, რომ ევროპული მეორადი ნაწილები ბევრად სჯობს ჩინური წარმოების თუნდაც ახალ სათადარიგო ნაწილებს.
ავტოსატრანსპორტო სფეროს წარმომადგენლები ქართველ მძღოლებს ურჩევენ, ორიგინალს მიანიჭონ უპირატესობა, რადგან ავტომობილის გამართულად მუშაობა ის იშვიათი გამონაკლისია, სადაც მეორადი ნაწილები, როგორც წესი, არ უნდა გამოიყენებოდეს. აქ ხომ ადამიანების სიცოცხლე დგება რისკის ქვეშ.
ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მანქანების სათადარიგო ნაწილების ხარისხის პრობლემა საქართველოში საკმაოდ მწვავედ დგას. ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოსული სათადარიგო ნაწილების აბსოლუტური უმრავლესობა შესაბამისი სტანდარტებისა და ნორმებისგან ძალიან შორსაა. ნებისმიერი სათადარიგო ნაწილი, დაწყებული სამუხრუჭე ხუნდებიდან, დამთავრებული ავტომობილის წვრილმანი თუ მსხვილმანი ნაწილით, უხარისხოა.
ვანო მთვრალაშვილის თქმით, დღესდღეობით მთელი ჩვენი ბაზარი მასობრივად არის ასეთი პროდუქციით გაჯერებული. პრობლემას ქმნის ისიც, რომ სახელმწიფო ამ საკითხების კონტროლს არ ახორციელებს და თავად ბაზარი რეგულირდება მოთხოვნილებიდან გამომდინარე.
შესაბამისად, ავტომობილების სათადარიგო ნაწილების შეძენა დამოკიდებულია მომხმარებლის ინფორმირებასა და მის არჩევანზე, სად შეიძინოს სასურველი პროდუქცია - ბაზრობაზე თუ რომელიმე ცნობილ ბრენდულ მაღაზიაში.
"სოციალურ-ეკონომიკური ფონი ჩვენთან ნეგატიურია, ავტომფლობელი გადახდისუნარიანი არ არის. ამიტომ, პირველ რიგში, იაფფასიან პროდუქციაზე აკეთებს არჩევანს, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში უხარისხოა. გარდა ამისა, მყიდველი გაუთვითცნობიერებელია. შესაძლოა, მას ფინანსური შესაძლებლობაც ჰქონდეს, მაგრამ არ იცოდეს, სად მივიდეს და რომელი პროდუქცია შეიძინოს.
კიდევ ერთი პრობლემაა თავად მწარმოებლების, რეალიზატორების არაკეთილსინდისიერება. ხშირად ისინი ჩინურ უხარისხო პროდუქციას ხარისხიანად ასაღებენ. მთლიანობაში, ბაზარი წალეკილია უხარისხო, მდარე, დაბალხარისხიანი პროდუქციით. თუმცა არის მაღალხარისხიანი სათადარიგო ნაწილებიც, რომლებიც, შესაძლოა, ორჯერ და სამჯრე ძვირი ღირდეს. არც ის არის გამორიცხული, ფასი იგივე იყოს, მაგრამ მომხმარებელმა უნდა იცოდეს უკეთესი სათადარიგო ნაწილების შერჩევა.
უხარისხო ავტონაწილები მალე ფუჭდება და შემძენს ეკონომია მაინც არ გამოსდის. ხშირად უწევს მისი გამოცვლა და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხითაც პრობლემის წინაშეა, სიცოცხლეს მეტი რისკის ქვეშ აყენებს. ამიტომ, სჯობს, ხარისხიანი სათადარიგო ნაწილები იყიდოს,
ექსპლოატაციის ხანგრძლივი ვადით. ვიდრე უხარისხო ნაწილები ხშირ-ხშირად ცვალოს და, ფაქტობრივად, ორიგინალის ფასი დაუჯდეს მისი გამოცვლა", - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.
ქართველ მძღოლებს აქცენტი, ძირითადად, მეორად სათადარიგო ნაწილებზე აქვთ, რადგან ისინი მწარმოებლის მიერაა გამოშვებული, სათადარიგო ნაწილების უხარისხობა მხოლოდ საქართველოს სენი არ არის. პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც ყველგან ასეთივე მდგომარეობაა. ევროკავშირში კი მეორად სათადარიგო ნაწილებს ვერსად ნახავთ. თუ არის, ძალზე იშვიათია. ამიტომ ქართველ ავტომფლობელებსაც უნდა ჰქონდეს იმის ფინანსური საშუალება, რომ ახალი ორიგინალი იყიდონ. სამწუხაროდ, ასე არ ხდება და ახალი სათადარიგო ნაწილები ძალზე მცირე რაოდენობითაა.
"ეკოტრანსპორტის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე აცხადებს, რომ ავტომობილის ტექნიკური გამართულობა საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით, რა გავლენას ახდენს ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები ავტოსაგზაო შემთხვევებზე, რადგან შს სამინისტრო არ აწარმოებს ამგვარ სტატისტიკას რეალურად. ასეთი კვლევა უნდა ტარდებოდეს, რაც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია მიღებული. მით უმეტეს, რომ ავტომობილის ტექნიკური გამართულობა მძიმე კლიმატურ და რელიეფურ პირობებში უაღრესად მნიშვნელოვანია.
"ავტომობილი შედგება სხვადასხვა ნაწილისგან. ტექნიკური გამართულობა სწორედ იმას გულისხმობს, რომ მისი აგრეგატები, განსაკუთრებით, უსაფრთხოების აგრეგატები მწყობრში იყოს. საქართველოში არანაირი კონტროლი და რეგულაცია არ არსებობს. მოგეხსენებათ, ავტომობილის ტექნიკური დათვალიერებაც კი არ გვაქვს.
ამ ყველაფერს ემატება ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონი, რაც ავტომომხმარებლებს აიძულებს, გამოიყენონ ავტომობილების შედარებით იაფფასიანი ნაწილები და მაქსიმალურად დაზოგონ ფული. ეს ხდება იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს უხარიხსო სათადარიგო ნაწილებმა და ავტომობილების ტექნიკურმა აგრეგატებმა მოძრაობის უსაფრთხოებაზე, ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.
ავტომანქანის ყველა ნაწილი გასაკონტროლებელია - იქნება ეს სამუხრუჭე ხიდები, საბურავები, დაკიდების სისტემა, საჭის მართვის მექანიზმი თუ სხვა. ბევრი ქვეყნის ტექნიკური დათვალიერება გულისხმობს, რომ ავტომობილების სათადარიგო ნაწილები ექსპლოატაციის ვადის გასვლისთანავე უნდა შეიცვალოს. მალფუჭებადი ნაწილების გამოცვლა პერიოდულობით სავალდებულოა. მაგალითად, იაპონიაში ყოველი ტექნიკური დათვალიერების დროს აუცილებელია სამუხრუჭე ხუნდების, დაკიდების სისტემის, შესაბამის აგრეგატების გამოცვლა. საქართველოში კი გავრცელებულია ე. წ. "დაშლილები", - აღნიშნავს ვასილ ურუშაძე.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში შემოდის საერთაშორისო და ევროსტანდარტების აკრედიტაციის გარეშე დამზადებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების არალიცენზირებული ნაწილები, რომლებიც ბაზარზე ხელმისაწვდომიცაა და იაფიც. ამ ნაწილების იმპორტიორ ქვეყნად მხოლოდ ჩინეთი არ უნდა მივიჩნიოთ, სხვა ქვეყნებიც არ აკლებენ. საქართველოში მსგავს იმპორტს არავინ აკონტროლებს. ამიტომ დაბალი ხარისხის ავტონაწილების წარმოება და იმპორტზე გატანა ყველა ქვეყანაში შესაძლებელია.
ურუშაძე კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ, საქართველოში არავინ ამოწმებს იმპორტირებული პროდუქციის ბრენდის ნამდვილობას, გვხვდება წარწერები, რომლებიც თითქოს ევროპულ, იაპონურ ბრენდს მიეკუთვნება, სინამდვილეში, ეს არის ე. წ. პატენტი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს იმ ბრენდთან, რომლის მარკირებაც მასზეა დატანილი.
ამდენად, ვასილ ურუშაძის ერთადერთი რჩევაა, ჩვენმა მძღოლებმა ის ავტონაწილები შეიძინონ, რომელი მარკის ავტომობილიც ჰყავთ და, რომელიც წარმოებულია შესაბამისი სერტიფიკატით.
"ერთ კონკრეტულ მარკას მიანიჭონ უპირატესობა და იმ მარკის ტექნიკური აგრეგატები გამოიყენონ, იქნება ეს მეორადი, თუ ახალი სათადარიგო ნაწილები. რა თქმა უნდა, ახალი დეტალების გამოყენება კარგია, მაგრამ რთულია ყველას ვურჩიოთ მათი შეძენა. ბევრად მნიშვნელოვანია ხარისხზე გააკეთონ აქცენტი და გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ ავტომობილების ნაწილების მწყობრიდან გამოსვლამ არ მოახდინოს გავლენა მოძრაობის უსაფრთხოებაზე და ადამიანების ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არ დააყენოს", - აღნიშნა ურუშაძემ.
მარიამ მაჭავარიანი
გაზეთი "რეზონანსი"