საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს, დაესწრონ საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების გაერთიანებულ სხდომას, რომელიც ლარის გაუფასურების საკითხს ეხება.
როგორც დავით ბაქრაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 28 დეკემბერს დაგეგმილ სხდომაზე, მინისტრებმა უნდა წარმოადგინონ სამოქმედო გეგმა, რომელიც ლარს კიდევ უფრო გაუფასურებისგან დაიცავს.
"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 94-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ, დაესწროთ საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების გაერთიანებულ სხდომას, რომელზეც განხილულ იქნება საკითხი ქვეყანაში მიმდინარე მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასთან - ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით. გთხოვთ, სხდომაზე მოგვაწოდოთ ინფორმაცია ლარის შემდგომი გაუფასურების თავიდან ასაცილებლად ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების სამოქმედო გეგმის თაობაზე და ინფორმაცია ლარის გაუფასურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასაცავად გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
ბაქრაძემ მინისტრებს საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური მიმართვაც გაუგზავნა. მისი თქმით, ეს არ არის "ოპოზიციური აქტივობა" და მინისტრებმა ერთი კვირა უნდა გამოიყენონ მოსამზადებლად და გეგმის შესამუშავებლად.