საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ლარის გაუფასურების გამო ქვეყანა უახლოეს მომავალაში ორი მთავარი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. როგორც ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არსებობს საფრთხე ენერგოტარიფების გაძვირების იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსი მიმდინარე ნიშნულზე გაჩერდება ან კიდევ უფრო გაუფასურდება.
როგორც უმცირესობის ლიდერმა აღნიშნა, წინასაარჩევნო პერიოდისგან განსხვავებით, როდესაც მთავრობა და ეროვნული ბანკი ძალიან აქტიურად მუშაობდნენ, რათა სავალუტო ინტერვენციით, დოლარის კურსი იმ ნიშნულზე დაეჭირათ, რომელიც სექტემბერში იყო, არჩევნების შემდეგ მთავრობაც და ეროვნული ბანკიც სრულ უმოქმედობას იჩენს ლარის კურსის მიმართ.
”ამ უმოქმედობის შედეგია ის, რომ ყოველდღიურად ლარი უფასურდება და ძვირდება ამერიკული დოლარი. დღეს ლარის გაუფასურება, გარდა ცხოვრების ზოგადი გაძვირებისა, რაც რა თქმა უნდა, პრობლემაა თითოეული მოქალაქისთვის, ქმნის ორ კონკრეტულ საფრთხეს. საფრთხე პირველი - თუ ლარის კურსი მიმდინარე ნიშნულზე იქნება ან კიდევ უფრო გაუფასურდება, ჩნდება იმის რეალური რისკი, რომ სახელმწიფო იძულებული იქნება გადახედოს ენერგოტარიფებს და გააძვიროს ტარიფები როგორც ელექტროენერგიაზე, ასევე გაზზე. ეს კი გაძვირების ახალი, ძალიან სერიოზული ტალღის დასაწყისი იქნება ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობისთვის. საფრთხე მეორე - თუ ლარის კურსთან დაკავშირებით შენარჩუნდება გაურკვევლობა, ეს კიდევ უფრო დაარტყამს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას გაისად, ვინაიდან ვერც ერთი ბიზნესმენი ვერ დაგეგმავს საკუთარ ბიზნესს, თუ არ იცის როგორი იქნება დოლარისა და ლარის თანაფარდობა მომავალ წელს”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმით, ამ ყველაფრის ფონზე საგანგაშოა ის, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ჯერ კიდევ არ წარუდგენია საზოგადოებისთვის კონკრეტული გეგმა, თუ როგორ აპირებს ამ პრობლემებთან გამკლავებას.
”მთავრობის ეკონომიკური გუნდისგან არაფერი არ გვესმის, გარდა უსუსური თავის მართლებისა, რომ თურმე მთელს მსოფლიოში უფასურდება ვალუტა. აუცილებელია ხელისუფლებამ მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ლარის გასამყარებლად, როგორ აპირებს მოსახლეობის დაცვას მორიგი გაძვირების ტალღისგან და რაც მთავარია რა პროგნოზს აკეთებს ლარის კურსთან დაკავშირებით მომავალ თვეებში, რომ ადამიანებს, ვისაც საბანკო კრედიტი აქვს, გათვალონ მათი ხელფასის რა ნაწილი წავა კრედიტის მომსახურებაზე, ადამიანებს ვისაც ბიზნესი აქვს გათვალონ, უღირთ თუ არა ამ ბიზნესის წარმოება და სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს ჰქონდეთ საშუალება გათვალონ, რამდენ მედიკამენტზე და პროდუქტზე ეყოფათ პენსია და როგორ გაიტანონ თავი თვიდან თვემდე”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.