ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსის დინამიკა აბსოლუტურ თანხვედრაში იყო მეზობელი ქვეყნების ვალუტების დინამიკასთან , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულზე ეროვნულმა ბანკმა განმარტება უკვე გააკეთა და მას ეთანხმება.
”ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსის დინამიკა აბსოლუტურ თანხვედრაში იყო მეზობელი ქვეყნების, ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების დინამიკასთან. თუმცა, ბოლო დღეების დინამიკის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ლარის კურსი, როგორც ეროვნულმა ბანკმა აღნიშნა, გადახრილია ფუნდამენტური ფაქტორებისგან. ამაზე დღეს კომენტარი გააკეთა ეროვნულმა ბანკმაც, რაშიც ვეთანხმებით“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.
რაც შეეხება ფუნდამენტურ ფაქტორებს, ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის ნაწილში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა 2016 წლის 11 თვეში წელში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მისი თქმით, ტურიზმის მაჩვენებელი გაუმჯობესებულია დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარით, ფულადი გზვნილების ზრდა შეინიშნება დაახლოებით 35 მილიონი აშშ დოლარით.
”მიმდინარე ანგარიშის ბალანსის ყველა ძირითადი ნაწილის ანალიზით იკვეთება, რომ მიმდინარე ანგარიშის ბალანსი 2016 წლის 11 თვეში გაუმჯობესებულია დაახლოებით 190 მილიონი დოლარით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.