ქართული ციტრუსის საექსპორტო ბაზარს ბოლო ხანებში რამდენიმე ქვეყანა შეემატა. ამის თაობაზე „ბიზნესპრესნიუსს“ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძემ განუცხადა.
მისი თქმით, იმ ქვეყნების სია, სადაც ქართული ციტრუსი ყველაზე დიდი რაოდენობით გადის, ასე გამოიყურება: რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელორუსი.
„ბოლო თვეებში ტრადიციულ ბაზრებს დამატებით რამდენიმე ახალი ქვეყნის ბაზარი შეემატა, კერძოდ - ყირგიზეთი, მოლდოვა, უზბეკეთი და პოლონეთი. ამ ქვეყნებში უკვე ტონობით ქართული ციტრუსი გადის. სხვათა შორის, ერთ-ერთი პოლონური კომპანიიდან ახალი წლის წინა დღეებში მსხვილ შეკვეთას ველოდებით. რაც შეეხება შუა აზიის მესამე ქვეყანას, ყაზახეთს, იქ ქართული ციტრუსი ადრეც გადიოდა, მაგრამ მცირე რაოდენობით, წელს ამ ქვეყანაში ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად მოიმატა. ალბათ, უახლოეს მომავალში ამ სიას ლატვიაც დაემატება, რადგან ამ ქვეყნის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნა ავთანდილ მესხიძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, ციტრუსის 54% ექსპორტზე რუსეთში გავიდა, ხოლო 30% - უკრაინაში. მთლიანად საქართველოდან ექსპორტზე უკვე გასულია 18 998 ათასი ტონა ციტრუსი, ხოლო კონცენტრატად გადაამუშავეს 8 758 ტონა. „ამჟამად ბათუმში დგას ბორანი, რომლითაც ციტრუსი რუსეთში უნდა გავიდეს. შესაბამისად, ამ დღეებში ექსპორტზე გატანილი ციტრუსის რაოდენობა კიდევ მოიმატებს“ - აცხადებს ავთანდილ მესხიძე.
ხათუნა ჩიგოგიძე