მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ყველა კითხვას, რომელიც არის საზოგადოებაში, რომელიც აქვთ პოლიტიკურ აქტორებს, გაეცეს სრული პასუხი , - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის ეკონომიკური გუნდის დაბარებას.
პრეზიდენტის პოზიციაზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ისაუბრა.
„რაც შეეხება ამ პროცესს, საჭირო კი არა მისასალმებელია ოპოზიციის აქტიურობა და ყველა პოლიტიკური აქტორის ჩართულობა ამ პროცესში. ამ პროცესის ღიაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო იმ კუთხით, რომ მოხდეს რამენაირად არსებული ვითარებიდან გამოსვლა, არამედ თუნდაც ეკონომიკური მოლოდინების დასტაბილურების თვალსაზრისით.
მთავრობის პასუხისმგებლობაა მეორე მხრივ, რომ ყველა კითხვას, რომელიც არის საზოგადოებაში, რომელიც აქვთ პოლიტიკურ აქტორებს, გაეცეს სრული პასუხი“, - განაცხადა მიშველაძემ.
ამასთან, რეზიდენტი ენდობა პრემიერ-მინისტრსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და მიიჩნევს, რომ მათი კვალიფიკაცია და ურთიერთთანამშრომლობა გამოიღებს ეფექტიან შედეგს და უახლოეს მომავალში ეროვნული ვალუტის სტაბილიზაცია მოხერხდება.
„რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით ჩვენი ქვეყნის მთავარ პრობლემას და ხელისუფლების წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევას - ლარის კურსს. საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით, აქტიური კომუნიკაცია აქვს პრემიერ-მინისტთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან. ქვეყნის პირველი პირი ენდობა გიორგი კვირიკაშვილსა და კობა გვენეტაძეს და მიიჩნევს, რომ მათი კვალიფიკაცია და ურთიერთთანამშრომლობა გამოიღებს ეფექტიან შედეგს და უახლოეს მომავალში ეროვნული ვალუტის სტაბილიზაცია მოხერხდება“, - განაცხადა მიშველაძემ.
რაც შეეხება შეკითხვას, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ლართან დაკავშირებული პროცესების გამო, მიშველაძის განცხადებით, „ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას და ხელისუფლებას“.