ბორჯომში, საცხოვრებელი ფართის მფლობელი 64 დევნილი ოჯახი გახდა. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა და განსახლების სამინისტროდან იუწყებიან, დევნილებს ახალი ბინების გასაღებები დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა გადასცეს.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, ბორჯომში, ვაშლოვანის ქუჩაზე, 4-სართულიანი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ”სამშენებლო ტრესტი N3“-მა განახორციელა. მშენებლობის ღირებულებამ 1 736 182 ლარი შეადგინა.
მათი ინფორმაციით, დღეს, 36 ერთოთახიანი, 20 ოროთახიანი და 8 სამოთახიანი ბინა დევნილ ოჯახებზე კენჭისყრის პრინციპით განაწილდა.
”გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ადაპტირებული ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ”, - აცხადებენ სამინისტროში.