საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ექსპორტის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და ტენდენციები სამუშაო თათბირზე განიხილეს, რომელსაც სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2016 წლის სექტემბრიდან ფიქსირდება ქართული ექსპორტის ზრდა. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში სექტემბერში ზრდამ 8%, ოქტომბერში 0.8%, ხოლო ნოემბერში 16.8% შეადგინა.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის 11 თვეში ექსპორტი შემცირდა 5%-ით, ნათელია, რომ წლის დასაწყისიდან ექსპორტზე მოქმედი ნეგატიური საგარეო ფაქტორების გავლენა ეტაპობრივად მცირდება და ექსპორტის შემცირების ტენდენცია სუსტდება. ამავე დროს, ადგილი აქვს საექსპორტო ბაზრებისა და პროდუქტების ეტაპობრივ დივესრიფიკაციას.
”ექსპორტის ხელშეწყობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ბოლო თვეებში არსებული დადებითი ტენდენდენციები მომავალშიც უნდა იყოს შენარჩუნებული, რისთვისაც უწყება აქტიურად მუშაობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ აღნიშნა, ჩვენი პროდუქციის ექსპორტი ნელ-ნელა უბრუნდება თავის ნიშნულს და ამ კუთხით ეს მნიშვნელოვანია.
”ასევე გამოვყოფდი სუფთა, წმინდა ექსპორტს, რომელიც ზრდადი ტენდენციითაც კი ხასიათდება უკვე ნოემბრის თვეში. ასევე მნიშვნელოვანია ბოლო 3 თვის ტენდენცია, სადაც ექსპორტი ზოგადად იმატებს. თვე თვესთან რომ შევადაროთ, იგივე ნოემბრის თვეში წინა წლის ნოემბერთან შედარებით ექსპორტი 17 %-ით არის გაზრდილი, რაც მნიშვნელოვანია და ნიშნავს, რომ ჩვენი ექსპორტი ნელ-ნელა იზრდება. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ექსპორტი ნელ-ნელა გავიდა სხვადასხვა ბაზრებზე, რომლებზეც წინა წლებში არ გადიოდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ექსპორტი და ექსპორტიორები თანდათან ახდენენ ბაზრების და პროდუქტების დივერსიფიკაციას სხვადასხვა ბაზრებზე“, - განაცხადა გენადი არველაძემ.