დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე, საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილა.პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ესენია ურბანული მომსახურების საინვესტიციო პროგრამებისთვის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 2011 წლის განმავლობაში დადებული სასესხო ხელშეკრულებების № 2, №3, №4 ცვლილებების დოკუმენტები, რომლებიც წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გასაუმჯობესებლად პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს ქვეყნის 7 ტურისტულ ცენტრსა და მსხვილ ურბანულ დასახლებაში (მესტია, ანაკლია, ქუთაისი, ფოთი, ურეკი, ზუგდიდი, მარნეული).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, ირაკლი მატკავას თქმით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ასევე წარდგენილია ინფორმაცია, რომ აზიის განვითარების ბანკში (ADB) უნდა გაიგზავნოს შესაბამისი მოთხოვნა ახალი ტრანშის მისაღებად, რომელიც მოხმარდება მარნეულის, ბოლნისის, ჭიათურის, აბაშის, ბაკურიანის, გუდაურის, ქუთაისის, ჯვარის სასმელი წყლის, კანალიზაციის, გამწმენდი ნაგებობების სისტემების მშენებლობასა და განვითარებას.
კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განსახილველად წარმოადგინა კანონპროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც ზუსტდება გრანტის მიმღებ პირთა წრე. კერძოდ, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ფარგლებში გასაცემი სახსრების მიმღებ სუბიეტებს დაემატა მეწარმე სუბიექტთა ჯგუფი. პროექტით, ასევე, იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით დაიხვეწება კანონის შესაბამისი ნორმები, რაც უფრო თვალსაჩინოს გახდის მათი შინაარსის აღქმადობას.
ცვლილებები შედის საქართველოს კანონში „ნარჩენების მართვის კოდექსში“. შესაბამისი კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვის მინნისტრის მოადგილემ, მაია ბითაძემ წარმოადგინა. ცვლილების მიხედვით ხდება ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულების ამოქმედების გადავადება, კერძოდ, მოქმედი რედაქციით, კომპანიებს ნარჩენების მართვის პირველი გეგმა სამინისტროსთვის უნდა წარედგინათ 2016 წლის 31 დეკემბრამდე, ახალი რედაქციით კი ეს ვადა გადაიწევს 2017 წლის 1 ივლისამდე. ცვლილება შედის ასევე ნარჩენების მართვასთნ, აღრიცხვასთნ, ანგარიშგებასთან და მონაცემთა ბაზასთნ დაკავშირებულ ვადებშიც. ვინაიდან აღნიშნული ქმედებები უნდა განხორციელდეს ელექტრონული ფორმით და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტრონული პროგრამების შემუშავების პროცესი, რომლის ამოქმედებაც 2017 წლის 1 იანვრამდე ვერ ესწრება.
წარმოდგენილ სარატიფიკაციო დოკუმენტებს და კანონპროექტებს კომიტეტის წევრებმა კენჭისყრით დაუჭირეს მხარი.
ამის შემდეგ კომიტეტმა საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაში 2016-17 წლის ზამთრის პერიოდისათვის არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, სულხან ზუმბურიძემ გააცნო დეპუტატებს.
ენგურჰესის რეაბილიტაციის მდგომარეობისა და 2017 წლის გაზაფხულზე ელექტროსადგურის სარეაბილიტაციოდ გაჩერებისთვის მზადყოფნის შესახებ შპს „ენგურჰესის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ ისაუბრა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ზვიად გაჩეჩილაძემ პრეზენტაცია გააკეთა რეგულირებადი კომპანიების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიწოდების საიმედოობის თაობაზე.
სხდომაზე ითქვა, რომ საქართველოს ენერგოსისტემა მზადაა ზამთრის სეზონისათვის დამახასიათებელი დატვირთვისთვის, ასევე სისტემის გამართული და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად გათვლილია ის სირთულეები და გამოწვევები, რაც ამ პერიოდში შეიძლება წარმოიქმნას.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ ენერგრტიკის სამინისტროს, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის, ენერგოპროსა და თელასის წარმომადგენლები, ექსპერტები. მათ უპასუხეს დეპუტატების შეკითხვებს.