აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე UNDP-ის წარმომადგენლებს შეხვდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია დღეს UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს, შონბი შარპს, დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელს, გიგი ბრეგაძესა და EU UNDP-ის ერთობლივი საპარლამენტო პროექტის მენეჯერს, სოფო გურულს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს UNDP ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე ხუთწლიანი საპარლამენტო პროექტის შესახებ, რომლის პირველი ფაზა 2016 წლის ივნისში დასრულდა, ხოლო მეორე ფაზა 2016 წლის ივლისში დაიწყო და 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

პროექტის მეორე ფაზით იგეგმება კომიტეტის საჭიროებებზე მორგებული ინიციატივების განხორციელება.

კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმრებს სწორედ ეს საჭიროებები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.