ლადო პაპავა - სავალუტო კრიზისში კი ვართ, მაგრამ რაც მოხდა დეკემბრის დასაწყისში, იყო წმინდა პანიკა

ის, რომ ეროვნულმა ბანკმა დღეს დახარჯა 40 მილიონი დოლარი, სწორია, მაგრამ უფრო სწორი იქნებოდა დეკემბრის დასაწყიში დაეხარჯა , - ამის შესახებ გუშინ, პროფესორმა ლადო პაპავამ ”პლიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.

მისივე განმარტებით, ეროვნულმა ბანკმა უნდა განახორციელოს ისეთი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომ მერყეობა და ნახტომები გამოირიცხოს. გაუფასურება უნდა იყოს თანდათანობით.

”ის, რომ ეროვნულმა ბანკმა დღეს დახარჯა 40 მილიონი დოლარი, სწორია, მაგრამ უფრო სწორი იქნებოდა დეკემბრის დასაწყიში დაეხარჯა, მაშინ, როდესაც ყველაზე სტრესული მდგომარეობა იყო. დღეს შეიძლება 40 მილიონიც არ იყოს საკმარისი, რომ ლარმა გაუფასურება არ განაგრძოს ნახტომებით”, - განაცხადა ლადო პაპავამ.

მისივე თქმით, არ არის თვითმიზანი მაინც და მაინც რეზერვების ხარჯვა, რადგან ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია ლარის კურსის რეგულირების. ”დღეს ყველაზე მეტად ლარის კურსს სჭირდება რეგულირება, ოღონდ არა ისე, რომ ის ერთ ნიშნულზე შევინარჩუნოთ. რეგულირება სჭირდება ისე, რომ ლარი უფასურდებოდეს, ოღონდაც უფასურდებოდეს პროგნოზირებადად, არც ბიზნესი იყოს დაბნეული და არც ადამიანები ასეთი მოულოდნელი სტრესის პირობებში. როცა შეხედავ ქუჩაში, რომ სავალუტო ჯიხურებში ყოველ რამდენიმე საათში იცვლება რამდენიმე პუნქტით და უცებ 2,50-დან გაგიხდება 2,70-ზე მეტი, ეს პანიკაა. სავალუტო კრიზისში კი ვართ, მაგრამ რაც მოხდა დეკემბერის დასაწყისში, იყო წმინდა პანიკა იმ გაუგებარი, არასრულყოფილი, არაშეთანხმებული განცხადებების შემდეგ, რომელიც გააკეთა მთავრობამ”, - განაცხადა პაპავამ და აღნიშნა, რომ მაშინ ეროვნულს ბანკს რომ გაეყიდა 40 მილიონი დოლარი, იმ ეტაპზე შეიძლება საკმარისიც ყოფილიყო.

ამასთან, პაპავამ აღნიშნა, რომ ეროვნულ ბანკს ჰყავს ძალიან კარგი, პროფესიონალი ხელმძღვანელობა და მათ სჭირდებათ უფრო მეტი ურთიერთობა საზოგადოებასთან, ექსპერტებთან. ”რაც მეტად გახსნილი იქნება, მით უკეთესია”, - განაცხადა პაპავამ.