"მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეროვნული ბანკი უკმაყოფილების დიდ ტალღას ელოდება და შემდეგ მიმართავს საკუთარ ინსტრუმენტებს პროცესების დასასტაბილურებლად"

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეროვნული ბანკი უკმაყოფილების დიდ ტალღას ელოდება და შემდგომ მიმართავს საკუთარ ინსტრუმენტებს პროცესების დასასტაბილურებლად , - ამის შესახებ ექსპერტმა ნოდარ ჭიჭინაძემ, ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის დასასტაბილურებლად არაეფექტურ ნაბიჯებს დგამს. ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს კი, სავალუტო ბაზარზე არსებულ ხანძარს უწოდებს.

”მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეროვნული ბანკი უკმაყოფილების დიდ ტალღას ელოდება და შემდგომ მიმართავს საკუთარ ინსტრუმენტებს პროცესების დასასტაბილურებლად. ერთი ჭიქა წყლით შეიძლება ჩავაქროთ ასანთის ღერი, მაგრამ როცა ხანძარი ჩნდება, იმას ვეღარ ჩავაქრობთ. პროცესები, რომელიც ბოლო დღეებში განვითარდა, არაფერია, თუ არა ხანძარი სავალუტო ბაზარზე. თუ ადრევე იცი, რომ მოგიწევს რეზერვების გამოყენება, უნდა გამოიყენო შედარებით ადრე, რომ არ გამოიწვიო უფრო ნეგატიური შედეგი. მხოლოდ რეზერვების გამოყენებით კი კურსზე ზეგავლენის მოხდენა უშედეგოა და ვფიქრობ, ეს დღევანდელმა დღემ ნათლად დაადასტურა”, - განაცხადა ნოდარ ჭიჭინაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა დღეს 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი 2.7823 შეადგინა.