თამარ გერლიანი 2 წელი ემზადებოდა მეღვინეობის ბიზნესის დასაწყებად.
როგორც ახალგაზრდა მეღვინემ ’’ბიზნესპრესნიუსს” განუცხადა, ვენახის გასაშენებლად ფულს ორი წლის განმავლობაში აგროვებდა და მიზნის განხორციელება წელს გაზაფხულზე შეძლო. პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი მეღვინეობით ბავშვობიდან არის გატაცებული.
”ჩვენს სახლში ღვინო ყოველთვის მზადდებოდა. სიამოვნებით ვაკვირდებოდი მამაჩემი როგორ ამზადებდა ღვინოს, მეც ყველა პროცესში ვეხმარებოდი როგორც ვენახში, ისე ქვევრის რეცხვაშიც. შემდეგ თავადაც გამიჩნდა სურვილი, რომ ვენახი მქონოდა, მისი გაშენება კი პატარა თანხებთან არ არის დაკავშირებული, ამიტომ 2 წელი ვაგროვებდი ფულს”, - ამბობს თამარ გერლიანი.
როგორც ახალგაზრდა მეღვინე ქალი აღნიშნავს, მის გადაწყვეტილებას ოჯახში თავიდან არასერიოზულად უყურებდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში მის არჩევანს მხარი დაუჭირეს.
თამარ გერლიანის ვენახი ყვარლის რაიონის სოფელ საბუეშია გაშენებული“ ”ამ სოფელს ღვინის ისტორიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზაქარია ჯორჯაძემ ღვინის მარანი აქ 1882 წელს დააარსა. იმ ადგილიდან, სადაც ახლა ჩემი ვენახია გაშენებული, 1888 წელს დაკრეფილმა ყურძენმა მსოფლიოს სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე, ბრიუსელში, უმაღლესი ჯილდო - დიდი ოქროს მედალი მიიღო”, - ამბობს თამარი.
როგორც თამარ გერლიანმა ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ბიო ღვინის წარმოებას მომავალი წლიდან გეგმავს. ღვინის სახელი უკვე მოფიქრებული აქვს, იგი საინტერესო ისტორიას უკავშირდება და ქალის მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს.
”თავიდანვე გადავწყვიტე, რომ ვენახი ბიო ყოფილიყო. ბიო მიდგომა ვენახში სისტემური პრეპარატების მოხმარებას გამორიცხვს. გამოიყენება მხოლოდ კონტაქტური პრეპარატები და ისიც შეზღუდული რაოდენობით. არ შეიძლება პესტიციდებისა და ჰერბიციდების, აგრეთვე ქიმიური სასუქების გამოყენება. კიდევ უამრავი ნიუანსია. მართალია, ამის შესრულება არც თუ ისე ადვილია, მაგრამ ძალინ სასიამოვნოცაა. მთავარია ვენახში ბუნებრივი ბალანსი არ დაარღვიო. ნატურალ ღვინოს მსოფლიოში დიდი პერსპექტივა აქვს, მსოფლიომ ნელ-ნელა ქართული ქვევრის ნატურალური ღვინის აღიარება დაიწყო და ეს ტენდენცია გრძელდება. ასეთი ღვინოები ისეთ მომხმარებელზეა გათვლილი, რომელმაც კარგად იცის ზოგადად, ღვინო და ნაცნობი გემოები მობეზრებული აქვს. ვფიქრობ, ამ სეგმენტში დიდი წარმატება გველის”, - მიიჩნევს თამარ გერლიანი.
მისივე თქმით, მევენახეობა არ არის მარტივი საქმე და მას დიდი ცოდნა სჭირდება: ”თავდაპირველად ამ სფეროსთან დაკავშირებულ უამრავ ლიტერატურას გავეცანი, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, თურმე არაფერი მცოდნია. ბევრი ადამიანი შევაწუხე. სოფელში მოხუცი არ დარჩა, რომ არ გამომეკითხა, მაგრამ სამწუხაროდ, თითქმის აღარ არიან ისეთი ადამიანები, ვისაც ნამდვილად აქვთ შემორჩენილი ის ცოდნა და გამოცდილება, რასაც ასე კარგად ფლობდნენ ჩვენი წინაპრები. ქიმიური პრეპარატების არამიზნობრივი და არადოზირებული გამოყენებით ყველა საქმეს იიოლებს. ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ვიპოვე ისეთი ადამიანები, რომლებმაც კომპეტენტური რჩევები არ დაინანეს“, - ამბობს მეღვინე.
თამარ გერლიანი თავის პირველ წარმატებად ვენახის გასაშენებელი თანხის შეგროვებას მიიჩნევს და ამბობს, რომ ამ სფეროში დიდი გამოცდილების არქონის მიუხედავად, მიზანდასახულობა და საქმისადმი სიყვარული სირთულეების გადალახვაში ყოველთვის ეხმარება.
თათია ახვლედიანი