საქართველოში მოქმედი გადამზიდი კომპანიების ნაწილი აცხადებს, რომ საზღვარგარეთიდან ნივთების გამოწერის რიცხვმა იკლო. მათი ინფორმაციით, ონლაინ გამოწერები 12-15%-ით შემცირდა.
როგორც dronean.ge-ის წარმომადგენელი ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, ონლაინ გამოწერები მათ კომპანიაში ბოლო თვე-ნახევრის მანძილზე 12%-ით შემცირდა. მისი განცხადებით, განბაჟების დროს მომხმარებელს უკვე 120-დოლარიან ნივთებზეც უხდებათ თანხის გადახდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, დოლარის კურსის მატებამ ნეგატიურად იმოქმედა ონლაინ-გამოწერებზე.
გადაზიდვების კომპანიაში BESTEX ამბობენ, რომ დოლარის კურსის ცვლილებამ ონლაინ გამოწერებზე მოთხოვნა შეამცირა. კომპანიის წარმომადგენელის თქმით, ეს ტენდენცია უკვე 3 თვეა რაც შეინიშნება. მათივე ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით ონლაინ გაყიდვებზე მოთხოვნა 15%-ით არის შემცირებული.
როგორც გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებენ, დოლარის კურსის ლართან მიმართებაში ცვალებადობა მომავალში ამ ბიზნესზე კიდევ უფრო უარყოფით გავლენას იქონიებს.
თუმცა ზოგიერთ კომპანიაში აცხადებენ, რომ ონლაინ-გაყიდვები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც CAMEX-ის წარმომადგენელმა ”ბიზნესპრესნიუსს” განუცხადა, მათ კომპანიაში ცვლილებები არ არის და ონლაინ-გამოწერები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
USA2GEORGIA-ში კი ამბობენ, დოლარის კურსის ზრდას ნივთების გამოწერებზე ნეგატიურად ჯერ არ უმოქმედია, თუმცა კომპანიის წარმომადგენელს უჭირს იმის თქმა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
თათია ახვლედიანი