კომუნალური გადასახადების გაძვირება შეიძლება, გარდაუვალი გახდეს. დენსა და გაზზე ტარიფების გაზრდაზე უკვე თამამად საუბრობენ, "რეზონანსის" გაანგარიშებით ელექტროენერგია დაახლოებით 2 თეთრით გაძვირდება, ხოლო ბუნებრივი აირის - 10 თეთრით. ეს იმ შემთხვევაში, თუ ენერგოკომპანიები და მთავრობა უკან არ დაიხევენ.
რამდენიმე დღის წინ ენერგეტიკის მინისტრი დამაიმედებელ განცხადებებს აკეთებდა და მოსახლეობას ამშვიდებდა, ახლა კი კალაძის უწყებაში ჟურნალისტებს ემალებიან. სამაგიეროდ, სემეკის თავმჯდომარე არ მალავს, რომ გადასახადი შესაძლოა, არა მხოლოდ ელექტროენერგიაზე, არამედ ბუნებრივ აირზე გაიზარდოს. დაახლოებით 1 კვირის წინ ირინა მილორავაც სხვაგვარად საუბრობდა, მაგრამ ახლა ისიც ცდილობს მთელი ენერგოსისტემის პასუხისმგებლობა მოსახლეობას აჰკიდოს.
მინისტრისა და სემეკის თავმჯდომარის გადაწყვეტილება უსაფუძვლოდ მიაჩნიათ როგორც ენერგეტიკოსებს, ასევე ეკონომისტებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ტარიფების ზრდას არ უნდა უკავშირდებოდეს.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი კომუნალური ტარიფების ზრდას არ გამორიცხავს. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მყოფმა ირინა მილორავამ აღნიშნა, რომ მომდევნო დღეებში შესაძლებელი იქნება სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით კონკრეტული პროგნოზის გაკეთება.
"ყველა მომდევნო დღე ამ კვირასა და მომდევნო კვირაში არის ტარიფების სხდომა. ვიდრე ჩვენ სამომხმარებლო ტარიფებზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, იქამდე ვმსჯელობთ გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ტარიფებზე, ჰიდროელექტროსადგურების ტარიფებზე. უკვე განხილული გვაქვს გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები და აქ ზრდა არის "სახელმწიფო ელექტროსისტემის" და "ენერგოტრანსის" ნაწილში. ზრდა გამოიწვია იმ ამბიციურმა საინვესტიციო გეგმამ, რომელიც "სახელმწიფო ელექტროსისტემას" აქვს.
ხვალინდელ სხდომაზე უკვე ვიხილავთ თბოელექტროსადგურების ტარიფს, შემდეგ მოხდება ჰიდროელექტროსადგურების ტარიფების განხილვა და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება სამომხმარებლო ტარიფებზე პროგნოზების გაკეთება. დღეს ჩვენი მხრიდან რამე შეფასების გაკეთება ამ მხრივ არასწორი იქნება", - განაცხადა მილორავამ.
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, "რეზონანსმა" გადაწყვიტა დაკავშირებოდა, როგორც ენერგეტიკის სამინისტროს, ასევე "ყაზტრანსგაზისა" და "სოკარის" წარმომადგენლებსაც, თუმცა მათ თავი შეიკავეს კომენტარის გაკეთებისგან. რამდენიმე დღის წინ ენერგეტიკის მინისტრი თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ ხალხს ელექტროენერგია არ გაუძვირდებოდა, ახლა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებათ და ერთპიროვნულად მხოლოდ სემეკის გადასაწყვეტია.
ტარიფების გაძვირების აუცილებლობას ვერ ხედავს ენერგეტოიკოსი თემურ ჭიჭინაძე. მისი აზრით, კომუნალური გადასახადების საკითხი არ უნდა უკავშირდებოდეს ლარის დევალვაციას, რადგან ეს არის ცვალებადი პროცესი და შესაძლებელია ეროვნული ვალუტის გამყარების შემდეგ მხოლოდ გაზრდილი გადასახადები შეგვრჩეს.
"ტარიფების გაძვირება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ მეორე საკითხია რამდენად კანონზომიერია ეს პროცესი. მიმაჩნია, რომ ტარიფის მატება ამ ეტაპზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მიბმული ლარის კურსზე, რადგან ლარის გაუფასურება შეიძლება იყოს დროებითი მომენტი და ის დასტაბილურდეს. დიდი რესურსი გააჩნია ენერგოკომპანიებს, რომლებსაც აქვთ შეუსრულებელი ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე. ინვესტირება თავად მოსახლეობის მიერაა წინსწრებით განხორციელებული.
რაც შეეხება ენერგეტიკის სამინისტროს არგუმენტს, რომ სამინისტრო არ არეგულირებს ტარიფებს, ეს არ შეიძლება მართებულად ჩაითვალოს. ისინი ჯერ კიდევ ვერ გარკვეულან რა უნდა უპასუხონ დაინტერესებულ ადამიანებს. გავიხსენოთ, კალაძის განცხადება იმის თაობაზე, რომ ელექტროენერგიის გადასახადი დარჩება უცვლელი და არ გაძვირდება. სამინისტრო სემეკის პარალელურად ახორციელებს პარალელურ დაანგარიშებას და ახლა რატომ არიდებენ თავს პასუხს?", - კითხულობს ჭიჭინაძე.
გადასახადების გაძვირება მართებული არც ენერგეტიკოს ანზორ ჭითანავას მიაჩნია. იგი მიიჩნევს, რომ დაუზუსტებელი განცხადებების გაკეთებას, სჯობს, ქმედითი ნაბიჯები მოჰყვეს. "რეზონანსთან" საუბრისას მან ხაზი გაუსვა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, რომელიც გამოწვეულია მძიმე ეკონომიკური ფონით და აღნიშნა, რომ ისედაც დაძაბულია მოსახლეობა და უარესის მოლოდინი არავინ უნდა შეექმნას. მსგავსი განცხადებები არის ცეცხლზე ნავთის დასხმა, თან იმ ცეცხლზე, რომელიც გიზგიზებს.
"სჯობს გააანალიზონ მოსალოდნელი შედეგები და შემდეგ აკეთონ ზუსტი განცხადება მოიმატებს ტარიფები, თუ უცვლელი დარჩება. მიზანშეწონილი არ არის გამოსვლა და საუბარი იმაზე, რომ შეიძლება გაძვირდეს დენი და გაზი. ისედაც დაძაბულია მოსახლეობა და უარეს დღეში არ უნდა აგდებდნენ.
რაც შეეხება განცხადებას იმის თაობაზე, რომ ყველაფერი ძვირდება, ლარის კურსთან დაკავშირებით პრობლემებია და სხვა, ასეთი მიდგომა, რა თქმა უნდა, აღიზიანებს მოსახლეობას. მსგავსი საუბარი არის ცეცხლზე ნავთის დასხმა, თან იმ ცეცხლზე, რომელიც გიზგიზებს. მიმაჩნია, რომ ტარიფების გაძვირება არც ისე მართებულია დღევანდელ სიტუაციაში.
ელექტროენერგიაზე ტარიფი მცირედით, გაზზე კი უფრო მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეკონომიკის ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, ახლა რთულია კონკრეტული ციფრების დასახელება, თუმცა, მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენლების ოპტიმისტური განცხადებებისა, ცხადია, რომ ტარიფის ზრდა მოსალოდნელია.
"ელექტროენერგეტიკაში ტარიფის შენარჩუნება-კომპენსირების რამდენიმე გზა არსებობს. ეს შეიძლება მოხდეს საინვესტიციო კომპონენტის შემცირებით, რაც მეორე უბედურებაა, რადგან შედეგად შეიძლება მივიღოთ სინათლე გრაფიკით და ავარიული და არაფუნქციონირებადი სისტემა. კიდევ ერთი გზაა სუბსიდირება, მაგრამ ტოტალური სუბსიდირების სისტემაზე გადასვლაც არ შეიძლება.
რაც შეეხება ტარიფებს, გაზის ნაწილში მატება უფრო მეტი იქნება, რადგან მას პირდაპირ უცხოურ ვალუტაში ვყიდულობთ. ელექტროენერგიის კუთხით ცოტა უკეთესი ვითარებაა, რადგან აქ ჰესების მიერ გამომუშავებული იაფი ენერგია გვაქვს. ამიტომ ტარიფი შედარებით მცირედით, სავარაუდოდ, 2-3 თეთრით გაიზრდება, გაზზე კი უფრო მნიშვნელოვანი მატებაა მოსალოდნელი", - აღნიშნა "ბიპიენთან" ხუხაშვილმა.
"რეზონანსის" მიახლოებითი გათვლით, ბუნებრივი აირი, შესაძლოა, 10 თეთრით გაძვირდეს, რადგან არჩევნების შემდეგ ლარი დაახლოებით 20%-ით არის გაუფასურებული. თუკი დღევანდელი კომუნალური ტარიფიც (0,45 ლარი) ამ დოზით გაიზარდა, მაშინ სხვაობა სწორედ 9-10 თეთრი იქნება.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"