კომპანია „სარაჯიშვილმა“, რომელიც ყველაზე ძველი ბრენდის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, საახალწლოდ ახალი პროდუქტი „სარაჯიშვილი 2017“ გამოუშვა.
პროდუქტი 1 კვირაა, რაც ბაზარზე გამოჩნდა. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ის სპეციალურად 2017 წლისთვის, ლიმიტირებული რაოდენობით გამოიცა.
„კომპანიამ შარშან შესანიშნავ ტრადიციას დაუდო საფუძველი და ბრენდის მოყვარულთათვის სპეციალური საახალწლო პროდუქტი - Sarajishvili Night შექმნა. სასმელი ლიმიტირებული რაოდენობით გამოვიდა და მასთან ერთად მომხმარებლებმა საჩუქრად სარაჯიშვილის ბრენდ მაღაზიაში 10%-იანი ფასდაკლების ბარათი და ქარხანაში სამ პერსონაზე უფასო ტური მიიღეს. „სარაჯიშვილის სახლი“ ამ ტრადიციას წელსაც არ ღალატობს და გთავაზობთ საახალწლო სუფრის განსაკუთრებულ ატრიბუტს „სარაჯიშვილი 2017“-ს.
პროდუქტი ამჯერადაც ლიმიტირებული რაოდენობით გამოვიდა, რომელსაც კვლავ ახლავს საჩუქრები. „სარაჯიშვილი 2017“-ის საკუპაჟე კომპოზიციაში მონაწილე სპირტებს შორის, უძველესი 10 წელზე მეტისაა,“ - აცხადებენ კომპანიაში.
რაც შეეხება ბოთლის დიზაინს, კომპანიაში ამბობენ, რომ ის სპეციალურად ახალი წლისთვისაა შერჩეული, წითელი მამალი ხომ 2017 წლის სიმბოლოა და ამიტომაც, საახალწლო განწყობას კიდევ უფრო ამძაფრებს ბოთლის წითელი ფერი.