6 თვეა ციხეში ვზივართ ბრალდების ვარაუდის გამო და იქამდე მივიდა საქმე, რომ დედაჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში მოხვდა , - ამის შესახებ "ცენტრ პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი ინტერესების დამცველმა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის, 150 ათას ლარიანი გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა.
როგორც რჩეულიშვილის ადვოკატმა ქეთევან ჩომახაშვილმა განმარტა, წინა პროცესზე ექპერტის დაკითხვის შემდეგ გამოიკვეთა ახალი გარემოება, რაც შუამდგომლობის საფუძველი გახდა. კერძოდ, ადვოკატის მტკიცებით, ექსპერტმა ახსენა კონკრეტული თარიღი თუ როდის მოხდა თანხების გატანა, თუმცა როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ამ პერიოდში გურამ რჩეულიშვილი არ იმყოფებოდა საქართველოში და შესაბამისად, თანხებს პირადად ვერ გაიტანდა. ჩომახაშვილმა ასევე მიმართა მოსამართლეს, გაითვალისწინოს ის გარემოებაც, რომ ბრალდებულის მეუღლე არის ორსულად და ასევე დედა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოშია მოთავსებული. მოსამართლეს თავად ბრალდებულმაც მიმართა.
"იურისპრუდენციასთან ბავშვობიდან მაქვს შეხება და მასში არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია. მე და დედაჩემი ვართ უდანაშაულოები, სანამ სასამართლო არ გამოგვიტანს განაჩენს. 6 თვეა ციხეში ვზივართ ბრალდების ვარაუდის გამო და იქამდე მივიდა საქმე, რომ დედაჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში მოხვდა. თქვენ პირველად იხილავთ ჩვენს აღკვეთის ღონისძიებას, იმედია, გამოიჩენთ სიმტკიცეს და დააკმაყოფილებთ ჩვენთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობას", - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.