AFP-მ დონალდ ტრამპი 2016 წლის ადამიანად დაასახელა

Agence France-Presse-მა აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2016 წლის ადამიანად დაასახელა.

აღნიშნულ რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ხოლო მესამე ადგილი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

AFP-ის განმარტებით, რეიტინგის შედგენა მოხდა სააგენტოს 300-მდე თანამშრომელის გამოკითხვის შედეგად, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მუშაობენ.

„ჟურნალისტებმა არჩევანი 30-კაციანი სიიდან გააკეთეს, რომელიც შერჩეული იყო სააგენტოს მთავარი რედაქციების მიერ“, - აღნიშნეს Agence France-Presse-ში.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალი Time-ის ვერსიით, 2016 წლის ადამიანად დონალდ ტრამპი გამოცხადდა, ხოლო ჟურნალმა Forbes-მა აღნიშნული ტიტული ვლადიმერ პუტინს მიანიჭა.