„ტაქსების ტარიფი 50 თეთრიდან 2 ლარამდეა მომატებული“

ტაქსების მომსახურების ღირებულება 1-2 ლარით გაიზარდა.

ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ მოქალაქეებმა განუცხადეს, რომელთა თქმითაც, რამდენიმე დღეა ტაქსის მძღოლები მგზავრობის სანაცვლოდ 1 ან 2 ლარით მეტს სთხოვენ.

„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა ტაქსის კომპანიებთან დაკავშირებას და იმის გარკვევას, გაიზარდა თუ არა მგზავრობის ღირებულება და რა გახდა ამის მიზეზი.

ტაქსის გამოძახების კომპანიების ცნობით, ამ ეტაპზე საფასურის გაზრდის მიზეზი ლარი-დოლარის კურსის ცვლილება და საწვავის გაძვირება გახდა. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მგზავრობის ღირებულება ახალი წლიდან, მას შემდეგ რაც საწვავზე აქციზის ახალი, გაზრდილი გადასახადი დაწესდება, კიდევ უფრო გაიზარდოს.

როგორც კომპანია „სითი ტაქსის“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ტყეშელაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ფასები სხვადასხვა მიმართულებაზე 50 თეთრიდან 2 ლარამდეა მომატებული.

„სხვადასხვა კომპანიებს დღესაც არასტაბილური ფასები აქვს. ზოგს მოკლე, ზოგს კი გრძელ მანძილებზე აქვს მაღალი ტარიფი დაწესებული. ზოგიერთ კომპანიას მრიცხველები უყენია და შესაბამისად, მგზავრობაც უფრო ძვირი ღირს. ამ ეტაპზე კომპანიებისთვის მთავარი სირთულე ის არის, რომ ფასი, რომელიც მისაღებია მგზავრისთვის, მიუღებელია მძღოლისთვის. რის გამოც სხვა უფრო მაღალტარიფიან კომპანიაში გადადიან ან დამოუკიდებლად იწყებენ ტაქსაობას. ფასები 50 თეთრიდან 2 ლარამდეა მომატებული და ახალი წლიდან აქციზის ზრდას, შესაძლოა, მგზავრობის საფასურის მატებაც მოყვეს“, - გვითხრა ტყეშელაშვილმა.

"ტაქსი 200-200"-ის დირექტორი ნიკა ხოფერია კი ამბობს, რომ მგზავრობის ტარიფი 10%-ით დაახლოებით, 40-50 თეთრით გაძვირდება. მისივე თქმით, აქციზის გაზრდა საწვავის კიდევ უფრო გაძვირებას და შესაბამისად, ტაქსებით მგზავრობის გაძვირებასაც გამოიწვევს.

არსებული ინფორმაციით, მგზავრობის ტარიფი მცირედით გააძვირა "იანდექს ტაქსიმაც".