ტყუილი იქნება გითხრათ, რომ სავალუტო კურსის მერყეობა ჩვენზე გავლენას არანაირად არ იქონიებს, ეს ნამდვილად თავის მოტყუება იქნება , - ამის შესახებ ”ენერგო პრო ჯორჯიას” და ”ჯიფაუერის” გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძე სემეკ-ში განაცხადა, სადაც მარეგულირებელი კომისია 4 თბოელექტროსადგურისთვის ტარიფის დადგენაზე მსჯელობს.
,,გაიზარდა თბოელექტროსადგურების ტარიფები და ტყუილი იქნება გითხრათ, რომ სავალუტო კურსის მერყეობა ჩვენზე გავლენას არანაირად არ იქონიებს. ეს ნამდვილად თავის მოტყუება იქნება. თბოსადგურების შემთხვევაში ამის ასახვა მოხდა და ვნახოთ, რა მოხდება სამომხმარებლო ტარიფის შემთხვევაში, ეს კითხვა სემეკს ეკუთვნის. დაველოდოთ, რამდენიმე დღეში მოხდება ამის გაცხადება”, - განაცხადა ბოცვაძემ.
სემეკი დღევანდელ სხდომაზე ,,გარდაბნის თბოელექტროსადგურისთვის”, ,შპს ,,ჯიფაუერისთვის”, შპს ,,მტკვარი ენერჯისთვის”, შპს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის” გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფის დადგენაზე მსჯელობს. ამ ეტაპზე კომისიის გადაწყვეტილებით, 2017 წლის ტარიფები ,,გარდაბნის თბოელექტროსადგურისთვის” და შპს ,,ჯიფაუერისთვის” გაიზარდა.