სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე დღეს ბიზნესმენებთან წლის შემაჯამებელ შეხვედრას მართავს. ღონისძიებაზე ლევან რაზმაძემ განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრას მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა, ბიზნესგაერთიანებათა და ასოციაციების წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები ესწრებიან.
ლევან რაზმაძემ წლის განმავლობაში სააგენტოს მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ბიზნესის საკეთილდღეოდ გატარდა.
რაზმაძის განცხადებით, სამი ახალი პლატფორმა ამოქმედდა, სადაც ტენდერები დახურული მონაცემებით ცხადდება. კერძოდ, ცალკე პლატფორმა გამოყვეს სამშენებლო სფეროში ტენდერების ჩასატარებლად; ასევე სააგენტომ განახორციელა ორეტაპიანი ტენდერები, სადაც არა დაბალი ფასის მქონე, არამედ ეკონომიკურად მომგებიანი წინადადება ხდება გამარჯვებული; შეადგინეს ელექტრონული სატენდერო დოკუმენტაციის შევსების ახალი ფორმა, რათა ნაკლები შეცდომები იყოს, როგორ შემსყიდველების, ასევე მიმწოდებლების მხრიდან. სააგენტოს ასევე დაგეგმილი აქვს გარკვეული ცვლილებების განხორციელება, რათა დავების საბჭოში გასაჩირების პროცედურა უფრო მოქნილი გახდეს.
ლევან რაზმაძის თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანია დაგეგმონ, მომავალ წელს ბიზნესმენებთან როგორ სამუშაო ფორმატში გაგრძელდება ურთიერთობა.
მისივე თქმით, წელს იგი სხვადასხვა დარგის ბიზნესმენებს თვეში ორჯერ ხვდებოდა და სააგენტოში არსებულ სიახლეებს აცნობდა, მათ მოსაზრებებს და შენიშვნებს კი სააგენტო ითვალისწინებდა. სააგენტოში მიმდინარე წელს სხვადასხვა სფეროს მიმწოდებლებთან სულ 16 შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრაში მონაწილე ბიზნესმენებს მთავრობის რეფორმების ახალ ოთხპუნქტიან გეგმას მთავრობის ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსი ილია ბეგაშვილი გააცნობს.
„სახელმწიფო შესყიდვები რეფორმების ქვაკუთხედია, ვინაიდან სახელმწიფო საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს სახელმწიფო შესყიდვებში. ბუნებრივია, ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ეს თანხები მიზანმიმართულად, ტრანსფარენტულად აღწევს ყველა იმ ინდივიდამდე, ვიზეც არის გათვლილი. ხელს უწყობს ბიზნესის შემდგომ სტიმულირებას, განვითარებას, დამატებითი სამუშაო ადგილებში შექმნას, მთლიანად ეკონომიკის მდგრადობას“, - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.