იმის გამო, რომ მოუმზადებლები ხვდებით გამოწვევებს, ლარი ყოველდღიურად ხელიდან გვეცლება , - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ჭიაბერაშვილის თქმით, ლარის გაუფასურების ფონზე ვდგავართ გაზსა და ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდის საშიშროების წინაშე.
„ამ შემთხვევაში სემეკ-ი უბრალოდ მიჰყვება მოვლენებს, მოვლენებს კი განსაზღვრავს ის მავნებლური პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობა ახორციელებს ზოგადად ეკონომიკაში და მათ შორის, ენერგეტიკაში“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მან, ასევე, ისაუბრა მედიკამენტებზე შეღავათების მნიშვნელობაზე სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის.
„წინა კვირაში „ქართულმა ოცნებამ“ ტაშის ქვეშ დაამტკიცა 2017 წლის ბიუჯეტი, მათ შორის, დაამტკიცა ჯანდაცვის სფეროში ხარჯების მატება, მაგრამ რაც დღემდე გაურკვეველია, ეს არის, გაეზრდება თუ არა შეღავათი მედიკამენტებზე საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, ესენია: პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, შშმ პირები, ადამიანები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ. ჯანდაცვის კომიტეტზე მოვისმინეთ, რომ ამაზე მხოლოდ ახლა მიმდინარეობს მუშაობა და რომ გარკვეული შეღავათები თუკი შემოვა, ისიც მხოლოდ შეიძლება შემოვიდეს წლის მეორე ნახევრიდან. ამიტომ მე მარტივი კითხვა მაქვს, რა მომზადებაზეა საუბარი, როდესაც წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ ასეთი შეღავათები შეიძლება შემოვიდეს მედიკამენტებზე და ახლა ვისმენთ, რომ არაუადრეს წლის მეორე ნახევრისა რაღაც გაკეთდება და რომ ეს ტექნიკურად დამოკიდებულია ელექტრონული რეცეპტის შემოღებაზე?“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.