პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, მთავარია ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნოს ფასების სტაბილურობა.
ამის შესახებ კოვზანაძემ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტში განუცხადა.
„საქართველოს პარლამენტმა ორიოდე დღის წინ დაამტკიცა ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, სადაც 2017 წლისათვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი განსაზღვრულია 4%-ით. გუშინ ეროვნულმა ბანკმა სწორი განცხადება გააკეთა მონეტარულ პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით საშუალოვადიან პერსპექტივაში. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტებით მოხდეს პრევენცია ლარის ერთჯერადი, მყისიერი დევალვაციის თავიდან აცილებისთვის“,- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა, ფასების სტაბილურობის შენარჩუნება.
„თუ ინფლაცია 4%-ს გადააჭარბებს, ეროვნული ბანკი ვალდებულია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, ფულად-საკრედიტო პოლიტიკიდან. გამომდინარე აქედან, დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნული ბანკი შესძლებს ამ შედეგის შენარჩუნებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ ეროვნულმა ბანკმა გამოიყენა ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც არის რეზერვებიდან გარკვეული ნაწილის მიმართვა ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის,“- აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.