კომპანია „თიემთი“, რომელიც ხილს, ბოსტნეულს, საწებლებს, წვენებსა და სხვა პროდუქციას აწარმოებს, გაფართოებას გეგმავს.
როგორც კომპანიის მფლობელმა თამაზ მერებაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, რამდენიმე ახალი სახეობის ხილის ჩირისა და ნატურალური წვენების გამოშვებასა და სამაცივრე მეურნეობის მოწყობას გეგმავს.
„5 წლის წინ ავაშენეთ ხმელი ჩირის საამქრო და იქ რამდენიმე ახალი სახეობის ხილის - გარგარის, შავი ქლიავის, ატმის ჩირის წარმოებას ვაპირებთ. ასევე გვინდა სამაცივრე მეურნეობის შექმნაც. გარდა ამისა, კომპანია მომხმარებლებს ახალი სახეობის ნატურალური წვენებსაც შესთავაზებს, რომელსაც უფრო ფართო მასშტაბით და თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩამოვასხამთ,“ - აღნიშნა მერებაშვილმა.
მისივე ცნობით, ყველა ზემოთჩამოთვლილი სამუშაოებისთვის მილიონ ლარამდე დასჭირდებათ, რომლის მოძიებასაც სხვადასხვა პროგრამებით გეგმავს. დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში კი მერებაშვილის თქმით, სამშენებლო სამუშაოები მომავალი წლის მარტი-აპრილიდან დაიწყება.
როგორც მერებაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე საწარმოში სეზონურად 30-60 ადამიანამდეა დასაქმებული. გაფართოების შემთხვევაში კი 120-130 ადამიანის დასაქმება მოხერხდება.
მისივე თქმით, კომპანია ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტზეც მუშაობს. მერებაშვილის ცნობით, პროდუქტის გასატანად მოლაპარაკებები ლიტვასა და ლატვიასთან მიმდინარეობს.
საწარმო, რომელიც 2006 წელს კასპში დაარსდა, ხილს, ბოსტნეულს, დაკონსერვებულ ბოსტნეულს, ფაფებს, ჯემებს, წვენებს, მარმელადს, ჩირსა და აჯიკას (სპეციფიური სანელებლები) აწარმოებს. 2008 წლიდან კი პროდუქციის ექსპორტს უკრაინაში, ყაზახეთში, რუსეთში, გერმანიასა და ამერიკაში ახორციელებს.