აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტის განხილვას დეპუტატების მხრიდან ხმაური მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი ფინანსურ დოკუმენტში განხორციელებული ცვლილებების წინააღმდეგი იყო. მისი განცხადებით, ბიუჯეტში ცვლილება ლარის გაუფასურების ფონზე ახლა არ უნდა ხდებოდეს.
„ხელისუფლებას არ აქვს გათავისებული რეგიონში რეალური პრობლემები. წლის ბოლოს, როცა ახალ წლამდე ათი დღეა დარჩენილი, 50 მილიონი ლარით ზრდიან ხარჯვით ნაწილს. შესაბამისად, ეს კიდევ უფრო დააწვება ლარის კურსს. ამათთვის ხალხი არ არის მნიშვნელოვანი, ამათთვის მხოლოდ ფურცელზე შესრულებული ბიუჯეტია პრიორიტეტული“,- განაცხადა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონმა.
ოპოზიციის კრიტიკას „ქართულ ოცნებაში“ უპასუხეს. უმაღლეს საბჭოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი რომანაძის განცხადებით, ფინანსურ დოკუმენტში ცვლილება ჭარბი შემოსავლების გამო განხორციელდა.
რომანაძის თქმით, 140 მილიონი ლარი იყო დაგეგმილი და 180 მილიონი ლარი შემოვიდა, 40 მილონი ლარი კი ბიუჯეტში აისახა.
„ბატონმა ელგუჯამ შესანიშნავად იცის, რომ ზედმეტ ხარჯებზე და ზედმეტი ფულის მიმოქცევაზე არის საუბარი. ეს იყო უბრალოდ ბიუჯეტში ჭარბი შემოსავლების ასახვა, მეტი არაფერი. დაგეგმილი იყო 140 მილიონი და შემოვიდა 180 მილიონი. ეს 40 მილიონი ლარი აისახა ბიუჯეტში,“ -განაცხდა აჭარის ა/რ უმჯაღლესი საბჭოს საფინასო -საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძემ.