საქართველოში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ახალი ინფრასტრუქტურა შეიქმნება. როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან იუწყებიან, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად შეხვედრაზე რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სტრატეგიის დამტკიცების და მასში გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ღონისძიებას შვედეთის ელჩი, ევროკავშირის მისიის და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, თხუთმეტწლიანი სტრატეგია მიმდინარე წელს შვედეთის მარეგულირებელი ორგანოს დახმარებით შემუშავდა და მისი მიღება უახლოეს მომავალში იგეგმება.
„სტრატეგიის ძირითად მიზნებს წარმოადგენს რადიოაქტიური ნარჩენების ობიექტების ერთ ლოკაციაზე განთავსება, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებისა და დაცულობის დონის გაზრდა, რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება და მათი უსაფრთხო შენახვა“, - განაცხადეს სამინისტროში.
მათივე თქმით, ევროკომისიის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა მთავრობის მიერ სტრატეგიის მიღების შემდეგ, პირველ ეტაპზე გამოყოს 1.200 000 ევროს ოდენობით გრანტი სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად, რომლის ფარგლებშიც საქართველოში არსებული რადიოაქტიური ნარჩენების და ინფრასტრუქტურის ანალიზი მოხდება.