საპარლამენტო უმრავლესობაში ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის ზრდას არ გამორიცხავენ. როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ განუცხადა, სემეკ-ის დღევანდელი გადაწყვეტილება სამომხმარებლო ტარიფზე ან არ იმოქმედებს ან მცირედით გაზრდის მას.
„ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ჰიდროელექტროსადგურებზე, როგორიცაა „ენგურჰესი“ და „ვარდნილჰესი“ მცირედით გაიზარდა ტარიფი, ასევე, ზოგიერთ ელექტროსადგურზე ტარიფმა შეიძლება მოიმატოს, მაგრამ სამომხმარებლო ტარიფზე საბოლოო ჯამში ან არ უნდა იმოქმედოს ან მცირედით უნდა იმოქმედოს“, - განაცხადა რევაზ არველაძემ.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ, თავის მხრივ აღნიშნა, რომ პროგნოზირება გამართლებული საქმე არ არის.
„რადგან ჩვენ გვაქვს ზრდა იმ კომპონენტზე, რომელიც მონაწილეობს ტარიფის დადგენაში, უნდა იყო ძალიან არასერიოზული, თქვა, რომ არ შეიძლება მოსალოდნელი იყოს ზრდა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, რადგან ლუფტები არსებობს. მაგრამ თუ ლუფტი მიაღწევს მაქსიმუმს, პროგნოზირებადობა გამართლებული საქმე არ არის“, - განაცხადა კაკულიამ.
თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფები გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
სემეკის მიერ დღეს დადგენილი ტარიფები ძალაში შევა 2017 წლის 1-ელი იანვრიდან და იმოქმედებს 2017 წლის 31 დეკემბრამდე.