რატომ უწერენ ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს?

28 წლის მარიამს ორი შვილი ჰყავს. ბავშვები თბილისის ერთ-ერთ პოლიკლინიკაში არიან რეგისტრირებული, თუმცა მარიამს ისინი კერძო კლინიკაში დაყავს. მათთვის ეს მესამე პოლიკლინიკა და შესაბამისად, მესამე პედიატრია. მაგრამ ოჯახი სამედიცინო მომსახურებით კმაყოფილი არაა, ამიტომაც იძულებულია, ბავშვები კერძო კლინიკაში ატაროს, სადაც ექიმთან კონსულტაცია 50 ლარი ღირს. ოჯახისთვის ამ ხარჯის გაღება არც ისე მარტივია, განსაკუთრებით ზამთარში, როცა ბავშვებს თვის განმავლობაში შეიძლება რამდენჯერმე დასჭირდეთ ექიმის კონსულტაცია. რატომ არიან მშობლები პოლიკლინიკების მომსახურებით უკმაყოფილო, სადაც მომსახურება უფასოა და რატომ არჩევენ კერძო კლინიკებს? მიზეზი პოლიპრაგმაზიაა - ავადმყოფისათვის გაუმართლებლად ბევრი წამლისა და სამკურნალო პროცედურის დანიშვნა.

”ზოგჯერ მაინც მიმყავს ბავშვი პოლიკლინიკის ექიმთან, მაგრამ დანიშნული წამლების ყიდვამდე მათ ანოტაციას ვკითხულობ და მხოლოდ ერთ ან ორ წამალს ვყიდულობ. ექიმი კი ხუთზე ნაკლებს არასდროს გვინიშნავს. ჩემი ასეთი მიდგომაც არ აღმოჩნდა შედეგიანი, რადგან არჩეული წამლებიც არაეფექტურია ხოლმე. საბოლოოდ მაინც ჩვენს პედიატრთან მიწევს ბავშვის წაყვანა. ის ერთ ან ორ ეფექტურ წამალს გვინიშნავს ხოლმე. ექიმთან უფასო ვიზიტი ჩვენთვის ფინანსურ ეკონომიას მაინც არ ნიშნავს, რადგან სამაგიეროდ ფულს მის მიერ დანიშნულ არაეფექტურ წამლებში ვიხდი,” – ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში განმარტავს მარიამი.

”ერთხელ თავად შევესწარი, როცა პოლიკლინიკაში ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ მოსული. ჩვენს ექიმს რეცეპტის ფურცლები და კალენდარი აჩუქეს, მან კი პაციენტების თანდასწრებით უპასუხა, მე ვიფიქრე საჩუქარი იქნებოდა, ეს რა არისო,” - დაამატა მარიამმა.

ეს ისტორია გამონაკლისი არაა. კვლევამ დაადგინა, რომ ექიმები არცთუ იშვიათად პაციენტს რამდენიმე, ხშირ შემთხვევაში ანალოგიური შემადგენლობის მედიკამენტს უწერენ. არის შემთხვევები, როცა ექიმი პაციენტს ათი და მეტი დასახელების წამალს უწერს. ამ მოვლენას სპეციალისტები ორი ფაქტორით – ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ექიმების მატერიალური დაინტერესებითა და ექიმების დაბალი კვალიფიკაციით ხსნიან.

“საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ყველა დანიშნულ წამალს აქვს გვერდითი ეფექტი. ამასთან, ეკონომიკურად გაუმართლებელია ის ხარჯი, რომელსაც პაციენტი გაიღებს ამ დროს. ადამიანი, ფაქტობრივად, წყალში ყრის ფულს. პოლიპრაგმაზიის მიზეზი ექიმის უცოდინრობა ან მისი ფარმაინდუსტრიაზე დამოკიდებულებაა. როცა ექიმი გამოწერს არასაჭირო მედიკამენტებს, ღალატობს ჰიპოკრატეს ფიცს და პაციენტის ნაცვლად ემსახურება ფარმაცევტულ ინდუსტრიას, რომელიც მას დანიშნული წამლის სანაცვლოდ გასამრჯელოს უხდის. ბევრს ჰგონია, რომ ამაში ცუდი არაფერია. თუმცა, ცხადი უნდა გახდეს, რომ ეს არაეთიკური და მავნე პრაქტიკაა,” - განმარტავს ორგანიზაცია „შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი - საქართველოს“ ხელმძღვანელი თიკო ცომაია.

პოლიპრაგმაზიის არსებობა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც დაადასტურა. “ჯანდაცვის სისტემაში დახარჯული თანხის ძალიან დიდი ნაწილი მედიკამენტებზე მოდის. ეს მაჩვენებელი 50%-ს ზემოთაა. განვითარებულ ჯანდაცვის სისტემებში წამლებზე ხარჯების 15%-25% მოდის. ჩვენ ორჯერ მეტი დანახარჯი გვაქვს, რადგან ხშირად ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს უწერენ,“- განაცხადა დავით სერგეენკომ რამდენიმე თვის წინ. თუმცა, მინისტრის ეს განცხადება ფაქტობრივად, რეაგირების გარეშე დარჩა, რადგან შესაბამისი უწყებების მხრიდან გამოხმაურება და არ მოჰყოლია.

პრობლემის არსებობას არ უარყოფს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილიც. თუმცა აღნიშნავს, რომ პოლიპრაგმაზია მხოლოდ ფარმაცევტული კომპანიის დანაშაული არაა და მას სხვა მიზეზებიც აქვს.

„რამდენიმე მიზეზი შემიძლია დავასახელო. პირველ რიგში, ეს არის სამედიცინო განათლების არასაკმარისი დონე და არასაკმარისი ინფორმაცია სხვადასხვა მედიკამენტის შესახებ. არის შემთხვევები, როცა მედიკამენტის შესახებ არასწორ ინფორმაციას ექიმებსაც აწვდიან. გარდა ამისა, საქართველოში არ არსებობს კონკრეტული დაავადების მკურნალობის პროტოკოლი, ამიტომ ბევრი ექიმი ერთსა და იმავე დაავადებას მკურნალობს ისე, როგორც მას მიაჩნია სწორად და არა ისე, როგორც ამას სტანდარტი ითვალისწინებს. არაეთიკური დამოკიდებულებაა ფარმაცევტულ კომპანიებსა და ჯანდაცვის სპეციალისტებს შორის, რაც ხშირად მატერიალურ დაინტერესებაში გამოიხატება. არის შემთხვევები, როცა ექიმების დაინტერესება, გამოუწერონ პაციენტს კონკრეტული მედიკამენტი, საერთაშორისო კონგრესებზე გამგზავრებით და მსგავსი ”საჩუქრით” ხდება. ნებისმიერი ურთიერთობა ექიმსა და ფარმაცევტულ კომპანიას შორის დეტალურად უნდა იყოს გაწერილი კანონში,” - განმარტავს მარგველაშვილი.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციაში 20 კომპანიაა გაწევრიანებული. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ წევრ კომპანიებს ეთიკის მაღალი სტანდარტი აქვთ. თუმცა, მისივე განმარტებით, ბაზარზე სამჯერ მეტი ფარმაცევტული კომპანია და წარმომადგენლობა ოპერირებს და სწორედ ისინი ცდილობენ ექიმთან არაეთიკური ურთიერთობების დამყარებას.

მარგველაშვილი პრობლემის აღმოსაფხვრელად რამდენიმე საშუალებას სთავაზობს სახელმწიფოსა და საზოგადოებას:„ელექტრონულ რეცეპტებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. როცა ყველა ექიმი ელექტრონულ რეცეპტს ატვირთავს ბაზაში, შესაძლებელი იქნება იმ ექიმების იდენტიფიცირება, ვინც პაციენტს ბევრ წამალს უნიშნავს, რაც პრობლემის გამოკვლევის საუკეთესო საშუალებაა; მკურნალობის სტანდარტების დანერგვა პროტოკოლებისა და გაიდლაინების საშუალებით უნდა ხდებოდეს; აუცილებელია ფარმაუსაფრთხოებისა და რაციონალური ფარმათერაპიის დანერგვა - კლინიკას უნდა ჰყავდეს კლინიკური ფარმაცევტი, რომელიც ყველა დანიშნულებას გააანალიზებს; ჯანდაცვის სამინისტრომ ეთიკის პრობლემა უნდა წამოწიოს და ბრძოლა უფრო ღია და მტკიცე უნდა გახდეს“.

პრობლემასთან ბრძოლის კუთხით, ყველაზე აქტიური სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებაა. სწორედ ამ ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა და ექიმების მხრიდან ზედმეტი მედიკამეტების გამოწერის პრობლემაზე საჯაროდ და ღიად ისაუბრა. მან ფარმაცევტულ კომპანიებს ეთიკური მარკეტინგული პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდა. მათვე მოამზადეს რეკომენდაციებიც, რომლის თანახმად, ექიმებმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ კლინიკური პროტოკოლები პაციენტისთვის მედიკამენტის დანიშვნის პროცესში. ასევე, ყურადღება მიაქციონ ფასს, რადგან ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე „ჯენერიკის“ ფასი ბევრად აღემატება ორიგინალის ფასს. რეკომენდაციების თანახმად საჭიროა, ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტების ე.წ. ნებაყოფლობითი რეგისტრაციის რეჟიმს გადახედოს იმისთვის, რომ გაიმიჯნოს ბიოლოგიურად აქტიური დანამატები და სხვა სამკურნალო საშუალებები ერთმანეთისგან. ასოციაციის აზრით, ასევე, მნიშვენლოვანია, არსებობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლება და მასში ფარმაკოლოგიის როლის გაზრდა.

”გამოსავალი ის არის, რომ ექიმები გახდნენ დამოუკიდებლები კლინიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს. დაიცვან გაიდლაინები, მოითხოვონ ადმინისტრაციისა და სახელმწიფოსგან მათი უფლებების დაცვა გამჭვირვალე ფინანსური და ფარმაკოლოგიური პოლიტიკის დანერგვის გზით. ასევე, უნდა მოხდეს პაციენტების ინფორმირებულობის გაზრდა. მნიშვნელოვანია, პაცენტებმა მოსთხოვონ ექიმებს, რომ რეცეპტის გამოწერის დროს აუხსნან მათ თუ რატომ და რაზე დაყრდნობით უნიშნავენ ამა თუ იმ წამალს,” - განმარტავს თიკო ცომაია.

საქართველოში ფარმაცევტულ კომპანიასა და ექიმს შორის ურთიერთობას არეგულირებს რეგულატორული ბაზა. სამედიცინო საქმიანობის შესახებ კანონში 2011 წლის ჩანაწერია, რომლის მიხედვითაც კომპანიის ან მისი პროდუქტის გამომსახველ ქაღალდზეც კი არ შეიძლება რეცეპტის გამოწერა, არათუ სხვაგვარი რეკლამირება. მეორე პუნქტის თანახმად, არ შეიძლება ექიმს ისეთი ურთიერთობა ქონდეს ფარმაცევტულ კომპანიასთან, რომელიც პაციენტს ავნებს.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციის კოდექსში არის პუნქტი, რომელიც პოლიპრაგმაზიის გამოვლენას ეხება. ნებისმიერ ადამიანს, ვინც დარღვევის მსხვერპლი ან უბრალოდ მოწმე გახდება, შეუძლია ორგანიზაციას მიმართოს და ის ფაქტის გასაჯაროებაში დაეხმარება. თუმცა, ასოციაციას დამსჯელობითი ფუნქცია არ აქვს.

ჯანდაცვის კონსულტანტის, თინა ტურძილაძის თქმით, ფარმაცევტული კომპანიებისა და ექიმების ტანდემი საეჭვო მხოლოდ საქართველოში არაა. ის გვთავაზობს მაგალითებს ამერიკის ჯანდაცვიდან, რომლებიც ბოლო წლებში იყო გამოვლენილი.

Pfizer-ის შვილობილმა კომპანიამ (Warner-Lambert) სარეკლამო და მარკეტინგული ხარჯებიდან მილიონობით დოლარი, ქრთამის სახით, გადაუხადა ექიმებს და ჩინოვნიკებს 11 სახელმწიფოში. როგორც მოკვლევით დადასტურდა, კომპანია ახორციელებდა პრეპარატ Bextra-ს უკანონო „პრომოუშენს“ იმ ჩვენებებით და დოზებით, რომელიც FDA-ს (აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია) მიერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მაღალი საფრთხეების გამო არ იქნა სანქცირებული. აღნიშნულის გამო კომპანია დაჯარიმდა 1.3 მილიარდი დოლარით.

მოკვლევით დადასტურდა, რომ GlaxoSmithKline აყალბებდა პრეპარატების თაობაზე ინფორმაციას და აფინანსებდა ცრუ ინფორმაციის გავრცელებას სამედიცინო და სამეცნიერო ჟურნალებში. მაგალითად, პრეპარატ „პაქსილის“ შესახებ კომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მისი ეფექტურობა ბავშვებში კლინიკური კვლევებით იქნა დადასტურებული. სინამდვილეში მართლაც ჩატარდა ორი კვლევა, რომლითაც, პირიქით, არ დადასტურდა პრეპარატის ეფექტურობა ბავშვებში. ანალოგიურად გააყალბა „გლაქსომ“ ინფორმაცია „ველბუტრინთან“ (Wellbutrin) დაკავშირებითაც. წამალი, რომელიც FDA-ს მიერ სანქცირებული იყო მხოლოდ დიდი დეპრესიული აშლილობის სამკურნალოდ, მწარმოებლის მიერ, ბაზარზე იყიდებოდა არასანქცირებული ჩვენებებით - ანორექსიგენულ საშუალებად, სექსუალური დისფუნქციის სამკურნალოდ, ნარკოდამოკიდებულების სამკურნალოდ. კომპანიამ მილიონობით დოლარით დააფინანსა პრეპარატის უკანონო „პრომოუშენი“, ფულს უხდიდა ექიმებს ცრუ ინფორმაციის სპიკერობაში, დანიშნულების წახალისების მიზნით, უფინანსებდა ექიმებს ძვირადღირებულ სადილებს, ექსკურსიებს კურორტებზე, უწყვეტ სამედიცინო განათლების პროექტებს. დანაშაული ორივე კომპანიამ აღიარა.

ნანა მღებრიშვილი