”პურის მრეწველთა კავშირის” თავმჯდომარე - არის მექანიზმი, რომ პურ-პროდუქტებზე ფასები არ გაიზარდოს

შეშინებული ვარ, რომ პურ-პროდუქტების ფასი არ გაიზარდოს, - ამის შესახებ  თბილისის ”პურის მრეწველთა კავშირის” თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

დოლიძე ამ დროისთვის ვერ საუბრობს, უნდა ველოდოთ თუ არა ამ მიმართულებით ფასების ზრდას, თუმცა აცხადებს, რომ ფასებთან დაკავშირებით პურ-პროდუქტების ბიზნესის წარმომადგენლები ამ საკითხზე ”დაფიქრებულები არიან”.

”ჩვენც დაფიქრებული ვართ. კომენტარს, გაძვირდება თუ არა, ვერ გავაკეთებთ. ფქვილიც გაძვირდა. შეშინებული ვარ, რომ არ გაიზარდოს პურ-პროდუქტების ფასი. ფქვილი დაახლოებით ერთი თვეა 36-ლარიდან 40-ლარამდე გაძვირდა. საუბრობენ, რომ ახალი წლიდან კიდევ მოიმატებს. გუშინ სამმა კომპანიამ დამირეკა ფასთან დაკავშირებით, რომ იქნებ ვუთხრათ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რა მდგომარეობაში ვართო”, - განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, არის მექანიზმები, რომლითაც შესაძლებელია, რომ პურ-პროდუქტებზე ფასები არ გაიზარდოს.

”არის მექანიზმები. უბრალო მაგალითს გეტყვით. აზერბაიჯანში დღგ შეუჩერეს პურ-პროდუქტების მწარმოებლებს. ჩვენთან სატრანსპორტო ხარჯებიც მაღალია. შესაძლებელია დარეგულირება ისე, რომ მტკივნეული შედეგები არ მოჰყვეს”, - აღნიშნა დოლიძემ.

მისივე თქმით, „ყოველთვის ილანძღებიან პურის დამამზადებლები, ხოლო ფქვილის მწარმოებლები არასდროს ჩანან“.

”წინა პლანზე დგას პურის დამამზადებელი. ფქვილის დამამზადებელი არასდროს ჩანს. ისინი ძალიან ჩუმად უმატებენ ამ ფასებს და არ ჩანან, ჩვენ კი ვილანძღებით. ეს უნდა დასრულდეს”, - აღნიშნა დოლიძემ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე