ხმაურიანი გამზირიდან მშვიდ ქუჩაზე აღმოჩენისას, პირველი, რაც თქვენს ყურადღებას მიიქცევს ფერადი ვიტრინაა - მინიდან ანგელოზები, ჭრელი სახლები, ბრჭყვიალა ვარსკვლავები და წითელი მამლები გიმზერენ.
ეს "ბაბალეა" - სოციალური საწარმო. იმ საოცარ ნივთებს, რომელიც ზემოთ ვახსენე, საწარმოში 7 სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდა ქმნის.
გიორგი 19 წლისაა და დღეში რამდენიმე საათს ატარებს საწარმოში თანატოლებთან ერთად. ძალიან აქტიურია და უყვარს პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობა, მუშაობის დროს კი მეგობრებს არაჩვეულებრივი სიმღერით უქმნის ფონს. გიორგისთან ერთად დღეს საახალწლო სუვენირებს კიდევ ოთხი სპეციალურ საჭიროებათა მქონე ახალგაზრდა ქმნის - 18 წლის დათუნა, 19 წლის თამუნა, 20 წლის ნინო და 30 წლის ნატალია ნაძვის ხის სათამაშოების მოხატვით და გაფერადებით არიან დაკავებული.
"აქ ბავშვები მუშაობენ. აქ ჩვენ ვმუშაობთ იმიტომ, რომ ხალხმა იყიდოს სათამაშოები საახალწლოდ. ვმუშაობთ ფუნჯებით, ვხატავთ. თევზი დავხატე, ჩიტი, გავაკეთე უჯრა. ყველაფერს ვხატავთ. ძალიან კარგი ნივთები გვაქვს და იყიდეთ თუ მოგესურვებათ" - გვეუბნება გიორგი და თავისი და მისი თანატოლების ნამუშევრებს გვაჩვენებს.
საქართველოში 150 000-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი ცხოვრობს, მათი ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა დასაქმებაა.
ბაბალე თითქმის წელიწადნახევარია არსებობს და ამ ხნის მანძილზე საწარმოს მუშაობაში 30-მდე სპეციალური საჭიროების მოზარდი თუ ახალგაზრდა იყო ჩართული. საწარმოს ძირითადი მიმართულებები ხის მხატვრული დამუშავება და ტექსტილზე მუშაობაა. სოციალური საწარმოს ძირითადი არსი მიღებული მოგების რეინვესტირებაა - ბაბალეს შემთხვევაში გაყიდული პროდუქციიდან შემოსული თანხა საწარმოს განვითარებასა და დასაქმებულთა ხელფასებს ხმარდება.
სოციალური საწარმოს ერთ-ერთი დამფუძნებელი ლია ტაბატაძე ხელოვნებათმცოდნეა და როგორც თავად ამბობს, იდეა საჭიროებებიდან გამომდინარე დაიბადა - მისი 6 წლის ქალიშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა.
"შშმ პირების დამოუკიდებელი ცხოვრების პრობლემა მწვავედ დგას, დამოუკიდებელი ცხოვრება კი სწორედ დასაქმებასა და უნარების განვითარებაზეა დამოკიდებული, აქედან გამომდინარე რამდენიმე მშობელმა გადავწყვიტეთ და დავაფუძნეთ "ბაბალე", რომელიც პროფესიული ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას და შშმ პირების დასაქმებას გულისხმობს, რაც თავის მხრივ, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობაა.
საწარმოში დაკავებული მოზარდები გადიან რამდენიმე ეტაპს. პირველი, პირობითად სწავლების ეტაპია - ვასწავლით პროფესიულ უნარებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება სამსახურში მოსასვლელად, საქმიანობის დაგეგმვა, ხარისხის კონტროლი - ხშირ შემთხვევაში ეს უნარები გამოსამუშავებელია, რადგან სკოლა, ბაღი, ოჯახი ხშირად ამ უნარების გამომუშავებას ვერ უზრუნველყოფს.
მეორე ეტაპია სტაჟირება, ანუ იმ საქმის ადგილზე შესწავლა, რასაც ვაწარმოებთ, ხოლო მესამე, საბოლოო ეტაპი - დასაქმებაა.
ამ ეტაპზე საწარმოს ისეთი მოგება არ რჩება, რომ სოციალური პროექტების გაკეთებაზე ვიზრუნოთ, თუმცა, სამომავლოდ თუ წარმოება გაიზრდება, გვსურს თანხები სოციალურ პროექტებს მოვახმაროთ, იმ მიზნებს რასაც ჩვენ ვემსახურებით. მაგალითად, შეზღუდული შესალებლობების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის რაიმე პროექტის განხორციელება, მისი დამოუკიდებლად მართვა ფინანსურად და არა დონორის მოლოდინში ყოფნა. ფინანსური მდგრადობა ჩვენთვის სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი - ემსახურები შენს სოციალურ მიზნებს და ამოცანებს" - გვეუბნება ლია ტაბატაძე.
რა მომავალი აქვს სოციალურ მეწარმეობას საქართველოში?
დღესდღეობით საქართველოში რამდენიმე ათეული სოციალური საწარმოა. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი ერთ-ერთია საკითხზე მომუშავე რამდენიმე ორგანიზაციიდან და 2009 წლიდან უწყობს ხელს საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებას. იხილეთ გაგრძელება