"თიბისი ბანკი" მენეჯმენტის წევრების მხრიდან აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის თანახმად, ბანკის მენეჯმენტი კომპენსაციის უმეტეს ნაწილს ნაღდი ფულის ნაცვლად აქციების სახით იღებს და მათ აქვთ სრული უფლება ნებისმიერ დროს, პირადი თუ ოჯახური საჭიროებიდან გამომდინარე, გაყიდონ მათ მფლობელობაში არსებული აქციები.
"ისეთ კომპანიებში, რომელთა აქციებიც ივაჭრება საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბირჟებზე, მენეჯმენტის წევრების/აქციონერების მხრიდან აქციების გაყიდვა არის გავრცელებული პრაქტიკა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.
აღსანიშნავია, რომ მენეჯმენტის ყველა ის წევრი, რომელმაც აქციების უმნიშვნელო წილი ახლახან გაასხვისა, კვლავ რჩება თიბისი ბანკის აქციონერად და ტოპ-მენეჯმენტის შემადგენლობაში“, - ნათქვამია "თიბისი ბანკის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
12-დან 14 დეკემბრის ჩათვლით "თიბისი ბანკის" მენეჯმენტის რამდენიმე წევრმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციები გაყიდა. არსებული ინფორმაციით, ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ლონდონის საფონდო ბირჟაზე საერთო ჯამში „თიბისის“ 56 158 აქცია გაყიდა. ერთი აქციის საშუალო ფასმა 14.9431 ფუნტი შეადგინა. საერთო ფასმა კი 839 582 ფუნტი შეადგინა.
აქციები ასევე გაყიდა „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ფინანსურმა დირექტორმა გიორგი შაგიძემ. ჯამში გიორგი შაგიძემ 17 877 აქცია გაყიდა, ერთი აქციის საშუალო ფასმა 14,9431 ფუნტი შეადგინა.
11 237 აქცია გაყიდა გენერალური დირექტორის მოადგილემ, ოპერაციების დირექტორმა ვანო ბალიაშვილმა, 7 662 აქცია კი გენერალური დირექტორის მოადგილემ საცალო და საბანკო მომსახურების მიმართულებით ნინო მასურაშვილმა.