დღეს, აჭარაში ტურიზმის ინდუსტრიის საუკეთესო სერვისის მქონე ობიექტები დაჯილდოვდება. დაჯილდოების ცერემონია „მაგნოლია 2016“ სასტუმრო ინტურისტში, საღამოს 7 საათზე დაიწყება. ღონისძიებას ტურიზმის ინდუსტრიის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის 200-მდე წარმომადგენელი დაესწრება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით „მაგნოლია 2016“ მეორედ ტარდება. ღონისძიების მიზანი რეგიონში ტურიზმის დარგის სტიმულირება და გაუმჯობესებაა.
ღონისძიებაზე 10 ნომინაციაში დაჯილდოვდება საუკეთესო საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო, სასტუმრო, სასტუმრო-საოჯახო სახლი სოფლად, რესტორანი, ტურისტული ატრაქცია, მუზეუმი, გიდი, ტურისტული სააგენტო, ტურისტული მარშრუტი და ახალი ტურისტული პროდუქტი.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გამარჯვებულები მომხმარებელთა კვლევისა და ტურიზმის სექტორის გამოკითხვების შედეგად გამოავლინა. მომხმარებელთა კვლევა პირისპირ და ონლაინ კვლევის მეთოდით სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჯამში 1200 ტურისტი/მომხმარებელი გამოიკითხა. კვლევა ასევე ითვალისწინებდა Trip Adviser-ზე, Booking.com-სა და Facebook.com-ზე ტურისტების შეფასებებს.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საუკეთესო სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების გამოვლენისას მომხმარებლის კვლევის გარდა ტურისტული სააგენტოების, განთავსებისა და კვების ობიექტების, გიდებისა და სატრანსპორტო კომპანიების შეფასებებიც გამოიყენა. საუკეთესოს გამოვლენისას დეპარტამენტმა ასევე გაითვალისწინა პროექტის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ შედეგები. დღეს, საღამოს კი გაირკვევა, რომელ ტურისტულ ობიექტებს გააჩნია აჭარაში მომხმარებელთა/ტურისტთა მაღალი შეფასებები და ტურისტული სექტორის ნდობა.