გორის ყოფილი წისქვილკომბინატის მეწილე 2004 წელს წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს

გორის ყოფილი წისქვილკომბინატის, შპს ,,ფორტეს" ერთ-ერთი მეწილე, მერიის აუდიტის სამსახურის უფროსი გიორგი ორთანეზაშვილი მთავრობას დახმარებას სთხოვს და 2004 წელს წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს.

როგორც ორთანეზაშვილი აცხადებს, პროკურატურამ დაზარალებულად 2014 წელს ცნო, თუმცა მას შემდეგ სამართლებრივად არაფერი შეცვლილა.

“2013 წლიდან დღემდე, ყველა უწყებას, მთავრობის ყველა ხელმძღვანელს მივმართე, თუმცა, არაფერი შეცვლილა, 2004 წელს წაგვართვეს წისქვილკომბინატი, შპს ,,ფორტე". უფრო მეტიც, იმჟამად, ქონების წართმევის პარალელურად, გვაიძულეს და მილიონი ჩაგვარიცხინეს გუნერნატორის ფონდსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ფონდში. მაშინ, როცა ირაკლი ოქრუაშვილს მთავრობა გარკვეულ ქონებას უბრუნებს, ერთხელ არავის უფიქრია ეკითხა მისთვის, რატომ წაგვართვა აღნიშნული ქონება. მაქვს იმის დამადასტურებელი ჩანაწერიც, სადაც ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში აღიარებს ამ ფაქტს“, - აღნიშნა გიორგი ორთანეზაშვილმა.

გიორგი ორთანეზაშვილმა სააღსრულებო ბიუროსან ბანკის მიერ დაყადაღებული სახლის აუქციონის წესით გაყიდვაზე დღეს შეტყობინებაც მიიღო.